ბიძინა ივანიშვილმა, რომლის კრიპტოვალუტის მითვისებასაც გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან, სასამართლოზე ბაჩიაშვილის მხრიდან შანტაჟის შესახებ ისაუბრა.
"შაბათის ეთერმა" გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის ოქმები მოიპოვა. მისი პირველი ჩვენება 2023 წლის 13 აპრილს პროკურატურის გამომძიებელს მისცა. მეორედ კი, სასამართლოს კითხვებს მიმდინარე წლის 5 თებერვალს, დისტანციურად უპასუხა.
"შაბათის ეთერის" თანახმად, მეორე ჩვენებაში ივანიშვილი ბევრ რამეს ცვლის, რადგან როდესაც ბაჩიაშვილს უჩივლა და გამომძიებელმა გამოკითხა, მაშინ არ იცოდა, რომ ბაჩიაშვილს მასთან საუბრის ჩანაწერი ჰქონდა.
ჩვენებაში ივანიშვილი საუბრობს შანტაჟზე ბაჩიაშვილის მხრიდან, რომ "კრედიტ სვისთან" დაკავშირებით უკვე მიცემულ ჩვენებას (ბერმუდას სასამართლოში) შეცვლიდა და მის საწინააღმდეგო ჩვენებას მისცემდა სინგაპურის სასამართლოში. მისი თქმით, ბაჩიაშვილისგან, რომელიც "კრედიტ სვისთან" მილიარდიან დავაში მისი ერთადერთი მოწმე იყო, პოზიციის შეცვლა საქმეს გაართულებდა, ამიტომ იძულებული გახდა ეთქვა, რომ ბიტკოინების დაბრუნებაზე პრეტენზია არ ექნებოდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ბაჩიაშვილის მხრიდან შანტაჟის ენით საუბარი ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, იძულებული ვიყავი მისთვის მეთქვა, რომ მან "გაიმარჯვა" და ბიტკოინების დაბრუნებაზე არ მექნებოდა მასთან პრეტენზია.
იძულებული გავხდი, რომ დროებით მაინც დამევიწყებინა ბაჩიაშვილის მხრიდან ბიტკოინების მითვისების ფაქტი",- ნათქვამია ივანიშვილის დაკითხვის ოქმში.
ამასთან, შეცვლილ ჩვენებაში ივანიშვილი აღნიშნავს, რომ გასაჯაროებული სატელეფონო საუბრით ბაჩიაშვილთან შეთანხმება არ დაუსრულებია და ამ საუბრის შემდგომ კომუნიკაცია ისევ შედგა.
თავად ბაჩიაშვილი "შაბათის ეთერთან" ამ ყველაფერს გამოგონილს უწოდებს: "სხვა გზა არ რჩებოდა, რაღაც უნდა მოეფიქრებინა და პირდაპირ შეთხზა ისტორია, რომელიც დამახინჯებულ ფაქტებს მოარგო. შეგვიძლია აბზაც-აბზაც გავიაროთ მისი მეორე ჩვენება, ვერც ერთ ეპიზოდს ვერ დაამტკიცებს",- ამბობს ბაჩიაშვილი.
"შაბათის ეთერმა" ასევე მოიპოვა ივანიშვილის და გიორგი ბაჩიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც გერმანიაში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა. "ტვ პირველის" თანახმად, 11 წუთიანი აუდიოფაილის შინაარსიდან ირკვევა, რომ ბაჩიაშვილს 6 მილიონ 500 ათასი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის შეძენა უნდა, მილიონ ნახევარი პირადად აქვს, სარფიანი გარიგების გასაფორმებლად კი, ბანკიდან 5 მილიონი დოლარის ოდენობის სესხის დამატება სჭირდება. ივანიშვილს ის დეტალურად უხსნის, რომ მისი შესყიდული კრიპტოვალუტა რომც გაუფასურდეს, საქმეში ჩადებული საკუთარი მილიონ ნახევრიდან მიღებული მოგებით, ბანკის სესხის დაფარვას მაინც უპრობლემოდ შეძლებს. ჩანაწერში ისმის რომ, ბაჩიაშვილი ივანიშვილს სესხის მიცემას სთხოვს. იმასაც ეუბნება, რომ მთელ მის ფულს, რაც კი აქამდე უშოვია, ამ ბიზნესში აბანდებს.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. აღნიშნული ქმედება 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























