მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იემენის ჰუსიტებმა საუდის არაბეთს საზღვაო ბლოკადა გამოუცხადეს

ჰუსიტები

იემენის ირანთან დაკავშირებულმა ჰუსიტების ტერორისტულმა დაჯგუფებამ საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა ოფიციალურად გამოაცხადა.

სამხედრო სპიკერმა სპეციალურ სატელევიზიო გამოსვლაში საზღვაო ემბარგოს დაუყოვნებლივ ამოქმედებაზე ისაუბრა. შეიარაღებული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ეს ნაბიჯი „სისხლის აღების“ პრინციპით ახსნა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საუდის არაბეთის მხრიდან იემენის პორტებისა და აეროპორტების ხანგრძლივ ბლოკირებაზე საპასუხო რეაქციაა. ჰუსიტების სპიკერმა მეზობელი სამეფოს იემენის ბუნებრივი რესურსების მითვისებასა და მოსახლეობის წინააღმდეგ თითქმის 12-წლიანი ყოვლისმომცველი ომის წარმოებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

ცნობისთვის, ამ განცხადებას წინ ორ მხარეს შორის სარაკეტო იერიშების გაცვლა უძღოდა. ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ტერიტორიის მიმართულებით რამდენიმე დარტყმა გასულ კვირას მას შემდეგ განახორციელეს, რაც ოფიციალური ერ-რიადის წინამძღოლობით არაბულმა კოლაიციამ ტერორისტების მიერ კონტროლირებად აეროპორტზე იერიში მიიტანა. თავად საუდის არაბეთმა ეს იმით ახსნა, რომ, მათი შეფასებით, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვიდან ჩამოსულ ჰუსიტ ლიდერებს დრონების, რაკეტებისა და სხვა შეიარაღების გამოყენების ირანელი სპეციალისტები ჩამოჰყვნენ.

ცნობისთვის, დაჯგუფებას საუდის არაბეთის წინააღმდეგ მსგავსი სამხედრო იერიში 2022 წლის მარტის შემდეგ არ განუხორციელებია. მხარეებს შორის არაფორმალური ზავი მაშინ ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი მასშტაბური დარტყმების შემდეგ გაფორმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები