მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„IFC-სთან თანამშრომლობის გაძლიერება სხვა დონეზე გადაიყვანს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტული სექტორების განვითარებას" - ვახტანგ ცინცაძე

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობის გაძლიერება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტული სექტორების განვითარებას თვისებრივად სხვა დონეზე გადაიყვანს. ამის შესახებ მან პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

SME, ენერგოპროექტები, ქიმიური მრეწველობა... - რა მიმართულებების დაფინანსებას გეგმავს IFC საქართველოში?

„ვაშინგტონში, საგაზაფხულო შეხვედრების ფორმატში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ ისეთი სექტორები და მიმართულებები, რომლებიც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს - ასეთია ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ასევე, ზოგადად, დაკავშირებადობა და შუა კორიდორის განვითარების შესაძლებლობები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია აგრძელებს კერძო სექტორის აქტიურ მხარდაჭერას აღნიშნული მიმართულებებით“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საერთაშორისო-საფინანსო კორპორაციას ასევე საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს კერძო სექტორის პორტფელის გაზრდის კუთხით.

„ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული თანამშრომლობის გაძლიერება თვისობრივად სხვა დონეზე გადაიყვანს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. ეს თანამშრომლობა ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას და ზოგადად, ქვეყნის პრიორიტეტული სექტორების შემდგომ განვითარებას“ - აღნიშნა ცინცაძემ.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ქალაქ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და ვახტანგ ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები