ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ 2024 წლის საუკეთესო მეკარეების რეიტინგი გამოავლინა.
წელს მათი, ისევე როგორც ყველა საერთაშორისო მედიის აღიარებით საუკეთესო გოლკიპერად ემილიანო მარტინესი დასახელდა, რომელმაც არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკის მოგება მოახერხა. “ასტონ ვილას” კარის დარაჯმა 167 ქულა მიიღო და 76 ქულით გაუსწრო ევროპის ჩემპიონ, ესპანელ უნაი სიმონს, რომელმაც 91 ქულა დააგროვა.
გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ მესამე ადგილი 55 ქულით საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” პირველმა ნომერმა, გიორგი მამარდაშვილმა დაიკავა, რომელმაც ევრო 2024-ის სიმბოლურ ნაკრებში მყოფ მაიკ მენიოს სამი ქულით გაუსწრო.
წელს მამარდაშვილი “ვალენსიას” საუკეთესო ფეხბურთელია, რომელმაც გუნდს უამრავი ქულა მოუტანა და ამასთან ევრო 2024-ზე ყველაზე მეტი 29 სეივი ჰქონდა. მომავალი სეზონიდან გიორგი “ლივერპულში” იასპარეზებს, რომელშიც 30 მილიონი ევრო გადაიხადეს.
ცნობისთვის, IFFHS წლის საუკეთესო მეკარეს 1987 წლიდან აჯილდოებს, ხოლო გასულ წელს საუკეთესო გოლკიპერად “მანჩესტერ სიტის” ედერსონი დაასახელეს.