„იფქლი დიღომი“ პურის ექსპორტს გეგმავს. როგორც კომპანიის დირექტორმა, ნისან იოსებაშვილმა bm.ge-ის განუცხადა, ამ ეტაპზე საწარმოში დანადგარების განახლება/გადაიარაღება მიმდინარეობს, რის შემდეგაც წარმოება დაიწყება და პური საწყის ეტაპზე ორ ქვეყანაში - ჩინეთსა და ისრაელში გაიგზავნება.
როგორც იოსებაშვილი ამბობს, მათ პურზე მოთხოვნა სწორედ ამ ორი ქვეყნიდან წამოვიდა და მოლაპარაკებებიც დასრულდა. მისივე თქმით, პარტნიორები მათგან პურის მიწოდებას უკვე ელოდებიან.
„ევროპაში პური უფრო ძვირია, ვიდრე ჩვენთან, ამიტომაც ჩვენს პურზე მოთხოვნა არის. ახალი დანადგარების გადაიარაღებაზე ვმუშაობთ, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე დავიწყებთ ექსპორტს. საუბარია გამომცხვარ და შემდეგ გაყინულ პურზე, რომელიც საქართველოდან გაიგზავნება“, - აღნიშნა „იფქლი დიღომის“ დირექტორმა.
კომპანიის დამფუძნებელი ექსპორტისთვის განკუთვნილ წარმოების მოცულობებს ჯერ ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ საწყის ეტაპზე ექსპორტი რამდენიმე კონტეინერით დაიწყება.
„ჩემთვის ეს ჯერ ახალი ხილია და როგორ იქნება ყველაფერი, ეტაპობრივად გამოჩნდება. ჯერ ზუსტად არ ვიცი, რა მოცულობის ინვესტიცია იქნება საჭიროდა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საწყის ეტაპზე დაახლოებით 1 მლნ ლარის ჩადება დაგვჭირდება“, - განაცხადა ნისან იოსებაშვილმა.
გარდა ამისა, "იფქლი დიღომმა" 2023 წელს თბილისში, კერძოდ, აეროპორტის გზაზე 4092 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან 1 952 000 ლარად შეიძინა, სადაც წარმოების ნაწილის გადატანას გეგმავს.