პურის მწარმოებელი კომპანია "იფქლი დიღომი" წარმოების გაყოფას გეგმავს და დიღმიდან წარმოების ნაწილის აეროპორტის გზატკეცილზე გადატანას აპირებს. ამისთვის კომპანიამ, აეროპორტის გზასთან, რევაზ მამისაშვილის ქუჩაზე, გასულ წელს, 4092 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან 1 952 000 ლარად შეიძინა.
როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში "იფქლი დიღომის" დირექტორი, ნისან იოსებაშვილი ამბობს, წარმოების გაყოფის გადაწყვეტილება ქალაქის პურით დროულად მომარაგების მიზნით მიიღეს.
„როგორც იცით, გარკვეულ საათებში დისტრიბუციის მანქანების შეზღუდვა იგეგმება, ამიტომაც გადავწყვიტეთ წარმოების გაყოფა, ნაწილი დიღომში დარჩება, ნაწილი კი ქალაქის მეორე ბოლოში გადავა იმისათვის, რომ ქალაქის ყველა უბანს პური დროულად მიეწოდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი დისტრიბუტორები დიღმიდან ყველა უბნის პურით მომარაგებას ვერ მოასწრებენ“, - განაცხადა „იფქლი დიღომის“ დირექტორმა.
ცნობისთვის, თბილისში 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა შეზღუდვა, რაც სამუშაო დღეებში, დილასა და საღამოს, პიკის საათებში გარკვეული კატეგორიის დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებას ეხება, სადისტრიბუციო მანქანებთან დაკავშირებით კი აღნიშნული წესი 1-ელ სექტემბრამდე არ მოქმედებს.