თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით 1-ელ სექტემბრამდე მოქმედებს საშეღავათო პერიოდი, მანამდე მერიაც და ბიზნესიც დააკვირდება ვითარებას და თუ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება გახდება საჭირო, გაიმართება დამატებითი კონსულტაციები.
ცნობისთვის, თბილისში 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა შეზღუდვა, რაც სამუშაო დღეებში, დილასა და საღამოს, პიკის საათებში გარკვეული კატეგორიის დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებას ეხება, სადისტრიბუციო მანქანებთან დაკავშირებით კი აღნიშნული წესი 1-ელ სექტემბრამდე არ მოქმედებს.
„სადისტრიბუციო მანქანებთან დაკავშირებით განსხვავებული რეგლამენტია დადგენილი და მათთან მიმართებით შეღავათი 1-ელ სექტემბრამდე მოქმედებს. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენც დავაკვირდებით და ისინიც დააკვირდებიან. ჩვენ კომუნიკაცია მათთანაც გვქონდა, ეს არ ყოფილა ცალმხრივად შემუშავებული რეფორმა, პირადად მე მქონდა მჭიდრო კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან, რამდენიმე ფართო შეხვედრა ჩატარდა, ყველა დასმულ კითხვას პასუხი გაეცა. ბევრი კორექტირება გავაკეთეთ, ბევრ რამეში ერთმანეთი გავითვალისწინეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, დისტრიბუციის მანქანებთან დაკავშირებით დავაკვირდებით ამ ყველაფერს და თუ საჭირო გახდება განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გავმართავთ კონსულტაციებს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
შეგახსენებთ, დიდგაბარიტიანი სატვირთო მანქანებისთვის შეზღუდვა გარკვეულ არეალებში მოქმედებს. თუმცა, არის გამონაკლისებიც და ეს წესი არ ვრცელდება სპეცტექნიკაზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, სასწრაფო დახმარების ავტომანქანებზე, ავარიულ ვითარებაში და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს სხვადასხვა ტექნიკაზე, ასევე, ტურისტულ სატრანსპორტო საშუალებებზე. სხვა დანარჩენზე მოქმედებს შეზღუდვა 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე.
რუკაზე მიცემულია არეალები, სადაც ეს შეზღუდვები მოქმედებს:
აკრძალულ ზონაში, შეზღუდვის საათებში გადაადგილება 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
„ვინც დაარღვევს აღნიშნულ კანონს, 1 000 ლარით ჯარიმდება. ჩვენ არავის დაჯარიმება არ გვიხარია. მთავარია, დაიცვათ წესი და ამ კონკრეტულ არეალებში გადაადგილებისგან თავი შეიკავოთ“, - განაცხადა დედაქალაქის დღევანდელ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ.