მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლარის გამყარება და შემცირებული საპროცენტო განაკვეთები" - რა ზრდის ინტერესს უძრავ ქონებაზე?

თბილისი

თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსის, ზუკა თავყელიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე.

კერძოდ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით: მეორად ბაზარზე გაყიდვები ჯამურად 17%-ით, პირველად ბაზარზე კი 30%-ით გაიზარდა.

Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსის ზუკა თავყელიშვილის განმარტებით, აღნიშნული ტენდენცია ორმა მთავარმა ფაქტორმა განაპირობა: მყიდველების მხრიდან პოზიტიურმა მოლოდინებმა და მაკროეკონომიკურმა გარემომ. კერძოდ, ლარის კურსის გამყარებამ და საპროცენტო განაკვეთების შემცირებამ. საინვესტიციო ბანკში მიიჩნევენ, რომ იპოთეკურ სესხებზე განაკვეთის კლებამ ბინის შეძენა უფრო ხელმისაწვდომი გახადა, ხოლო დეპოზიტებზე სარგებლის შემცირებამ უძრავი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობა გაზარდა.

„მოთხოვნა საკმაოდ ძლიერ ნიშნულზე ნარჩუნდება, საკმაოდ ძლიერი 7 თვე გვეჭირა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზეც. თუ რიცხვებს შევხედავთ, მეორად ბაზარზე 7თვეში დაახლოებით 17%-ით არის გაზრდილი ჯამურად გაყიდვები, ხოლო პირველად ბაზარზე ეს უფრო დიდია, 30%-იანი ზრდა გვაქვს.

დიდ სურათს თუ შევხედავთ ეს ზრდა გამოწვეულია გაუმჯობესებული სენტიმენტებით, ბაზარზე საკმაოდ პოზიტიური მოლოდინებია მყიდველების მხრიდან, მეორე ეს არის უკვე მაკროეკონომიკური ფაქტორები. ამაში მოიაზრება ლარის კურსის გამყარება და საპროცენტო განაკვეთების შემცირება. მოგეხსენებათ, საპროცენტო განაკვეთები შემცირდა როგორც იპოთეკურ სესხებზე და ეს უფრო მეტად ხელმისაწვდომს ხდის ბინის შეძენას, მეორე მხრივ, განაკვეთები შემცირდა ასევე დეპოზიტებზეც და უძრავი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობა ამან უფრო გაზარდა.“- განაცხადა თავყელიშვილმა.

კვლევის მიხედვით, ადგილობრივი მყიდველების წილი 2023 წელს არსებული 85%-დან 74%-მდე შემცირდა, თუმცა ანალიტიკოსების განმარტებით, აღნიშნული კლება ნომინალში ქართველებზე გაყიდული ბინების რაოდენობის კლებას არ ნიშნავს.

„ქართველებზე გაყიდული ბინების რაოდენობა არ შემცირებულა, პირიქით, ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, უცხოელ მყიდველებზე წამოსული ტრანზაქციები კიდევ უფრო სწრაფად იზრდება, რის გამოც მათი პროცენტული წილი გაყიდვებში მზარდია. საერთო ჯამში, თბილისში ბინის მყიდველთა დაახლოებით 80% კვლავ ადგილობრივი მოსახლეობაა. უცხოელი მყიდველების მხრიდან ინტერესი მზარდია როგორც თბილისისა და ბათუმის, ისე ახალი ბაზრების მიმართ“, - განაცხადა „საქმიან დილასთან“ საუბრისას ზუკა თავყელიშვილმა.

მისივე განმარტებით, გამოკითხვა სისტემურ დეველოპერებს შორის ტარდება, რომლებიც პირველადი ბაზრის დაახლოებით ნახევარს ფარავენ. ვინაიდან მსხვილ დეველოპერებს გაყიდვების ჯაჭვი უცხოურ ბაზრებზე უკეთ აქვთ აწყობილი, მათ მონაცემებში უცხოელთა წილი შესაძლოა მთლიან ბაზართან შედარებით ოდნავ მაღალი იყოს.

ინფორმაციისთვის, Galt & Taggart-ს კვლევის მიხედვით, 2026 წლის პირველ შვიდ თვეში თბილისში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 2.45 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 27.3%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს ($1.92 მლრდ).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები