მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იფქლი დიღომს" ისრაელში ყოველთვიურად 80 ტონა პური გააქვს ექსპორტზე - შემდეგი სამიზნე ჩინეთია

იფქლი დიღომი

ქართული პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი „იფქლი დიღომი“ ექსპორტს ისრაელის ბაზარზე სტაბილურად აგრძელებს და პარალელურად ჩინეთში შესასვლელად ემზადება. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა სოფიო ბედიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „იფქლი დიღომის“ პროდუქცია ამჟამად ისრაელის რამდენიმე მსხვილ ქსელურ მარკეტში იყიდება. კომპანია პურს ადგილობრივ პარტნიორს აწვდის, რომელიც პროდუქციას საკუთარი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით, „იფქლი დიღომის“ ბრენდით ავრცელებს.

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სტაბილურად, თვეში ორ 40-ტონიან მაცივარ-კონტეინერს ვაგზავნიდით - ერთს თვის დასაწყისში, მეორეს კი ბოლოს. მაისშიც ორი კონტეინერი გავუშვით, ივნისის დასაწყისში კი - კიდევ ერთი. ზაფხულში, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებშიც პურზე მოთხოვნა მცირდება, ამიტომ ექსპორტის მოცულობაც შესაძლოა დროებით შემცირდეს", - აცხადებს ბედიაშვილი.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, „იფქლი დიღომი“ საქართველოში პირველი კომპანია იყო, რომელმაც ქართული პურის ექსპორტი დაიწყო. მისი თქმით, ამ მიმართულებით კომპანიის მთავარი მოტივაცია მხოლოდ კომერციული შედეგი არ ყოფილა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართული პური საერთაშორისო ბაზარზე გაგვეტანა და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადაგვედგა. ეს არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი სიახლეა და ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას ხელს უწყობს", - ამბობს ის.

სოფიო ბედიაშვილის განმარტებით, კომპანია საექსპორტო პროდუქციას იმავე ფასად ყიდის, რა ფასადაც ის ადგილობრივ ბაზარზე იყიდება და როგორც ის აღნიშნავს, საერთაშორისო კვლევების მიხედვით, საქართველო პურის ფასის თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ ქვეყნად მიიჩნევა.

კომპანია ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოებაზეც მუშაობს. ბედიაშვილის ინფორმაციით, „იფქლი დიღომმა“ ჩინურ მხარეს უკვე წარუდგინა საკუთარი პროდუქცია, რომელმაც დადებითი შეფასება მიიღო.

"ჩინეთის ბაზარი განსაკუთრებით ჩვენი პროფილაქტიკური, დაბალკალორიული და დიაბეტური პურით დაინტერესდა. ჩვენი პროდუქციის ხარისხი და სტანდარტები მათ სრულად აკმაყოფილებთ. ამ ეტაპზე ლოგისტიკური საკითხები და ადგილობრივ ქსელებთან თანამშრომლობა ზუსტდება, რის შემდეგაც ჩინეთშიც ექსპორტის დაწყებას ველოდებით", - განაცხადა მან.

მისივე შეფასებით, ჩინეთის ბაზარზე შესვლა კომპანიისთვის და მთლიანად ქართული ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება, თუმცა საწყის ეტაპზე საუბარია არა მთელი ქვეყნის, არამედ კონკრეტულ სავაჭრო ქსელთან თანამშრომლობაზე.

ინფორმაციისთვის, ოფიციალური მონაცემებით, წელს, ხუთ თვეში ქვეყნიდან $5.3 მლნ ღირებულების 1 453 ტონა პროდუქცია გავიდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი $2.8 მლნ-ის 860 ტონა პურ-ფუნთუშეულს შეადგენდა. შედეგად, წლიურ ჭრილში პურ-ფუნთუშეულის ექსპორტი ღირებულებით 87.8%-ით, ხოლო მოცულობით 68.9%-ით გაიზარდა.

2026 წლის იანვარ-მაისში ქართული პურ-ფუნთუშეულის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი უზბეკეთი იყო, სადაც $1.7 მლნ ღირებულების 413 ტონა პროდუქცია გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები