მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Igavi Wines-ის იმერული ღვინო ექსპორტზე დიდ ბრიტანეთში გავიდა

634e9455ebd2b
თინათინ ნატმელაძე
18.10.22 20:30
1404
კომპანია Igavi Wines-ის თანადამფუძენებლის ელენე ბუხაიძის ქმით იმერული მაღალმჟავიანი ღვინო ამ ეტაპზე მსოფლიოს 9 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 

მან BM.GE-სთან განაცხადა, რომ Igavi Wines ისეთ ქვეყნებში იგზავნება როგორებიცაა ამერიკა, ავსტრალია, ბელგია, კანადა, ჩინეთი, ტაივანი, დანია, გერმანია და ახლა უკვე ბრიტანეთი.

როგორც კომპანის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, მან და მისმა მეუღლემ, ეიდენ რაფტერმა, იმერეთში სახლის შეძენა და მარნის მოწყობა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ეიდენმა საქმიანი ვიზიტით საქართველოში იმოგზაურა და ქართული ვაზის ჯიშები გაიცნო.

"ჩემი მეუღლე, ეიდენ რაფტერი მუშაობდა ავსტრალიაში, კომპანიაში, რომელსაც საქართველოდან ქართული ღვინოები გაჰქონდა და ცდილობდა, მსოფლიოსთვის ქართული ღვინის წარმოების ტრადიციები გაეცნო. ერთ-ერთი საქმიანი ვიზიტის დროს ეიდენმაც იმოგზაურა საქართველოში და ძალიან დაინტერესდა აქაური ღვინის წარმოებით, განსაკუთრებით მოეწონა იმერული მაღალმჟავიანი ღვინო. სწორედ ამიტომ ვანის რაიონის სოფელ ზენდარში შევიძინეთ მიწის ნაკვეთი, რომელსაც ვენახიც ჰქონდა, ავაშენეთ სახლი და მოვაწყვეთ მარანი.

ამჟამად 6 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ - იმერეთის ცოლიკაურს, ვანის ჩხავერს, ალადასტურს, ლეჩხუმის ცოლიკაურს, ორბელურ ოჯალეშს და როზეს, რომლების ძირითადი ნაწილიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტზე გადის - ამერიკაში, ავსტრალიაში, ინგლისში, ბელგიაში, კანადაში, ჩინეთში, ტაივანში, დანიასა და გერმანიაში ბოლო ქვეყანა, სადაც ღვინო გავიტანეთ, იყო დიდი ბრიტანეთი, ღვინის რაოდენობა 1 პალეტს შეადგენდა,’’ - აცხადებს ელენე ბუხაიძე.

მისივე თქმით, ღვინის წარმოებისას საკმაოდ ბევრი გამოწვევა არსებობს, მათ შორის ამინდი და ყურძნის შეძენის ტექნიკურ პროცესებთან დაკავშირებული პრობლემები.

"რეალურად ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს, მაგალითად, წელს ძალიან დიდხანს იყო გვალვა, მანამდე კიდევ სულ წვიმდა, ამის გამო მოსავალი ძალიან ნაკლები იყო. ასევე, ერთგვარი პრობლემა გვექმნება იმ ადამიანებთანაც, რომლებისგანაც ყურძენს ვყიდულობთ, ეს ეხება ისეთ ტექნიკურ დეტალებს, რომელიც მეღვინისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებენ, რადგან მათთვის პრიორიტეტი გარკვეული რაოდენობის გაყიდვაა და არა მისი ხარისხი,"- განაცხადა ელენე ბუხაიძემ და დასძინა, რომ მათთვის მთავარი, ვენახი და განსხვავებული ყურძნის ჯიშების აღმოჩენაა, რასაც შემდეგ მსოფლიოსთვის გაცნობენ.

ცნობისთვის: Igavi Wines-ის მარანი მთლიანად დამფუძნებლების პირადი ინვესტიციით შეიქმნა, ამჟამად ისინი 8000 ბოთლ ღვინოს აწარმოებენ და ერთი ბოთლის ფასი 25-35 ლარის ფარგლებში მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები