ღვინის მცირე კომპანია Parvus Cellar-ი ბაზარზე სულ 4 წელია რაც ოპერირებს. კომპანიას, რომელსაც საკუთარი ვენახები არ აქვს, ყურძენს რაჭველი მევენახეებისგან ყიდულობს და პრემიუმ ხარისხის ღვინოს აწარმოებს.
კომპანიის დირექტორმა, გიორგი ბერიშვილმა bm.ge-სთან თქვა, რომ ახლა, Parvus Cellar-ი გაფართოებას გეგმავს, როგორც წარმადობის, ასევე საექსპორტო ბაზრების მიმართულებითაც.
ასევე, მათი გეგმა კახეთში ვენახების შეძენაა, რის შემდეგაც კომპანია აღარ იქნება მხოლოდ რაჭული ღვინის მწარმოებელი.
" კომპანია პარვუს სელარი შეიქმნა 2020 წელს. ჩვენ, ჩვენი ვენახები არ გვაქვს. მცირე მეურნეობა რაჭაში, ძირაგეულში შევქმენით და პირველი მოსავალი 2021 წელს შევიძინეთ. მარნის მაქსიმალური წარმადობა წელიწადში 10 000 ბოთლია, რაც მოგეხსენებათ, ძალიან ცოტაა. თუმცა, თავდაპირველად ბიზნესის ამ მიმართულებით გაფართოება განაპირობა სურვილმა, რომ გვქონდა ჩვენი პრემიუმ ხარისხის მხოლოდ რაჭული ღვინო. "შოთას მარანთან" ერთად დავაფუძნეთ კომპანია, რომლის 50% წილის მფლობელებიც ჩვენ ვართ და დავიწყეთ რაჭული ღვინის წარმოება.
პირველი მოსავალი როცა ჩავიბარეთ, 2020 წელს მივიღეთ რაჭული თეთრა, მუჯურეთულ-ალექსანდროული, წულუკიძის მწვანე. ამის შემდეგ ვაწარმოებთ ნახევრად ტკბილ ხვანჭკარას, ალექსანდროულისგან მშრალ წითელს და ასევე რაჭულ თეთრას. ამ ღვინომ მოიპოვა IVNS-ის ვერცხლის მედალი. ასევე, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენაა ვაინ ექსპო და ჩვენმა ხვანჭკარამ, 2020 წელს წარმოებულმა ღვინომ მოიპოვა სომელიეს არჩევნის წოდება.
თავდაპირველად, ჩვენი მცირე არმოების გამო, გვინდოდა ადგილობრივი ბაზარი დაგვეფარა. თუმცა, შემდეგ ვსინჯეთ ექსპორტიც და გავიტანეთ დაახლოებით 1 000 ბოთლი აშშ-ში, ასევე 700 ბოთლამდე შვეიცარიაში და იგივე ოდენობა გერმანიაში. ცდა წარმატებული აღმოჩნდა პირველი ნაბიჯებიდანვე და გასულ წელს მარნის გაფართოება დავიწყეთ. წელს, უკვე ყველა კონტრაქტზე მოწერილია ხელი და თანბხები ჩარიცხული, იგეგმება 10 000 ბოთლის ექსპორტი ჩინეთში. პირველად გავდივართ აზიაში.
როგორც აღვნიშნე, ამ ეტაპზე ჩვენი ვენახები არ ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ ვგეგმავთ შევიძინოთ. ჩინეთის ექსპორტმა შეიძლება გეგმები და გეოგრაფია შეცვალოს და კახეთში გავაფართოვოთ საქმიანობა", - განაცხადა გიორგი ბერიშვილმა bm.ge-სთან.
"პარვუს ჯგუფის" საქმიანობის მთავარი სფერო ენერგეტიკაა. კომპანიის მიერ ქვეყანაში აშენებული და ექსპლუატაციაში შესული ჰესების ჩამონათვალი შემდეგია:
"კორშა 1 ჰესი": სიმძლავრე: 1 მგვტ; გამომუშავება: 5.1 მლნ/კვტ/სთ; ინვესტიცია: 1,2 მლნ ევრო.
"როშკა ჰესი": სიმძლავრე: 1 მგვტ; გამომუშავება: 5.078 მლნ/კვტ/სთ; ინვესტიცია: 1,25 მლნ ევრო
"ტოლოში ჰესი": სიმძლავრე: 1,5 მგვტ; გამომუშავება: 10,57 მლნ/კვტ/სთ; ინვესტიცია: 1,95 მლნ ევრო;
"ტოლოში 1 ჰესი": სიმძლავრე: 1 მგვტ; გამომუშავება: 5.943 მლნ/კვტ/სთ; ინვესტიცია: 1,5 მლნ ევრო.