მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ცდილობს საოჯახო მარანი „ჩხაველი“ აჭარული ჩხავერის პოპულარიზაციას და საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებას

მეღვინეობა ჩხაველი

აჭარაში საოჯახო მეღვინეობა „ჩხაველი“ ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაციასა და წარმოების განვითარებას ცდილობს. მარნის შექმნის იდეა 2023 წელს გაჩნდა, როდესაც პროფესიით ფინანსისტმა მაკა თედორაძემ მეუღლესთან ერთად ოჯახურ ვენახში მოყვანილი ყურძნისგან პირველი ღვინო დაამზადა. ასე დაიწყო მათი მეღვინეობის ისტორია, რომელსაც დღეს ბათუმიდან 10 კილომეტრში, სოფელ ერგეში ავითარებენ. მცირე წარმოების მიუხედავად, თანადამფუძნებლების ამბიცია მხოლოდ საკუთარი ბიზნესის გაფართოებით არ შემოიფარგლება – ისინი აჭარის, როგორც ღვინის რეგიონის, ცნობადობის გაზრდასა და ადგილობრივი ჯიშის, ჩხავერის, საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებასაც ისახავენ მიზნად.

როგორც „მეღვინეობა ჩხაველის“ თანადამფუძნებელმა მაკა თედორაძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ საუბრისას განაცხადა, მეღვინეობაში მისი გამოჩენა მოულოდნელი აღმოჩნდა. ფინანსურ სფეროში მუშაობის პარალელურად, ის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ცოდნას აგროვებდა, სასერტიფიკატო კურსი გაიარა და 2023 წელს პირველი ღვინოც დამოუკიდებლად დაამზადა.

„პროფესიით ფინანსისტი ვარ და მეღვინეობაში სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი. ფინანსურ სფეროში მუშაობის პარალელურად სხვადასხვა მეღვინეობას ვეცნობოდი, ვსწავლობდი, რა გამოწვევები იყო ამ მიმართულებით. კურსის დასრულების შემდეგ, 2023 წელს, პირველად ჩვენი ოჯახის ვენახში მოყვანილი ყურძნისგან დამოუკიდებლად გავაკეთეთ ღვინო. სწორედ ამ პროცესში აღმოვაჩინე საკუთარი თავი – თურმე რა მაგარი ყოფილა ღვინის კეთება. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს საქმე უფრო აქტიურად განგვევითარებინა“, – ამბობს მაკა თედორაძე.

როგორც ის ამბობს, საოჯახო მარნის განვითარების საწყის ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ფინანსური რესურსებისა და შესაბამისი მხარდამჭერი პროგრამების მოძიება აღმოჩნდა. თედორაძის შეფასებით, მცირე მარნებისთვის ხელმისაწვდომი განვითარების შესაძლებლობები ბოლო წლებში შემცირებულია. მეწარმე ამ მიმართულებით სხვადასხვა ასოციაციასა და პროექტში მონაწილეობს, მათ შორის არის ასოციაციების „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ და „აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის“ წევრი.

მისი თქმით, ორი-სამი წლის წინ მცირე მეწარმეებისთვის მეტი მხარდამჭერი პროგრამა არსებობდა, დღეს კი დაფინანსების შესაძლებლობები შედარებით შეზღუდულია.

„როდესაც გადავწყვიტეთ, ეს საქმე უფრო აქტიურად განგვევითარებინა, ერთ-ერთი პირველი გამოწვევა ფინანსური რესურსებისა და შესაბამისი პროგრამების მოძიება იყო. იმ პერიოდში მცირე საოჯახო მარნებისთვის განვითარების შესაძლებლობები საკმაოდ მწირი მეჩვენებოდა. აქტიურად ვეძებდი სხვადასხვა ასოციაციასა და პროექტს. კარგი იქნებოდა, რომ ის პროგრამები, რომლებიც ორი-სამი წლის წინ არსებობდა, დღესაც გაგრძელებულიყო, რადგან მაშინ გაცილებით მეტი შესაძლებლობა იყო. ახლაც ვმონაწილეობ სხვადასხვა პროექტში, კონკურსსა და ფესტივალში, თუმცა ბიზნესის განვითარებისთვის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა კვლავ გვჭირდება“, – აღნიშნავს მეღვინეობის თანადამფუძნებელი.

ამ ეტაპზე „მეღვინეობა ჩხაველი“ წელიწადში დაახლოებით 2 000-2 500 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. წარმოების პროცესზე გავლენას ახდენს აჭარის კლიმატიც, განსაკუთრებით მაღალი ტენიანობა და უხვი ნალექი, რაც ორგანული მიმართულებით მეღვინეობას დამატებით სირთულეებს უქმნის.

მაკა თედორაძის განმარტებით, წელს კლიმატურმა პირობებმა მარნის მოსავალზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია და ყურძნის დაახლოებით 40% დაიკარგა. მიუხედავად ამისა, კომპანია არჩეული საწარმოო ფილოსოფიის შეცვლას არ გეგმავს.

„წლევანდელი წელი განსაკუთრებით სუსტი იყო. უხვი ნალექი გვქონდა და ორგანული მიმართულებით ასეთ პირობებში ყურძნის შენარჩუნება რთულია, რადგან ქიმიურ პრეპარატებს არ ვიყენებთ. ჩვენი ფილოსოფია ბუნებასთან მაქსიმალური ჰარმონიაა. წელს დაახლოებით 40% დავკარგეთ მოსავლის, თუმცა ბუტიკური მეღვინეობისთვის ეს მისაღებია და ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ. აჭარაში მაღალი ტენიანობა და უხვი ნალექი მევენახეობას ართულებს, მაგრამ ვფიქრობ, სწორედ მცირე წარმოება, ადგილობრივი ჯიშები და ბუნებასთან სიახლოვე ქმნის იმ განსაკუთრებულობას, რომელიც ღვინის მოყვარულებისთვის საინტერესოა“, - განმარტავს ის.

მარნის განვითარების შემდეგი ეტაპი წარმოების გაზრდასა და საექსპორტო ბაზრებზე გასვლას უკავშირდება. თედორაძის თქმით, კომპანია უკვე თანამშრომლობს რამდენიმე რესტორანთან და ღვინის რეალიზაციას HoReCa სექტორში ახორციელებს, თუმცა ამ მიმართულებით პარტნიორების წრის გაფართოებას გეგმავს. საექსპორტო ბაზრებიდან კი პრიორიტეტი დასავლეთის ქვეყნებია.

ამასთან, „მეღვინეობა ჩხაველისთვის“ მნიშვნელოვანი მიმართულებაა არა მხოლოდ საკუთარი პროდუქტის გაყიდვა, არამედ აჭარული ღვინის ცნობადობის გაზრდა.

“მიზანი მხოლოდ საკუთარი ბიზნესის განვითარება არ არის. გვინდა, რომ დიდი წვლილი შევიტანოთ აჭარის, როგორც ღვინის რეგიონის, პოპულარიზაციაში. ჩხავერის პოპულარიზაცია გვინდა, სწორედ ამ ჯიშიდან გამომდინარეობს ჩვენი მარნის სახელიც. გვსურს, აჭარულ ჯიშებს საერთაშორისო ღვინის სამყაროში თავისი დამსახურებული ადგილი ჰქონდეს. ამისთვის ბევრს ვშრომობთ, ვსწავლობთ და ვვითარდებით“, - ამბობს მაკა თედორაძე.

ღვინის წარმოებასთან ერთად, საოჯახო მარანი გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებასაც ავითარებს. თავდაპირველად ოჯახს სტუმრების მისაღებად სპეციალური სივრცე არ ჰქონდა, თუმცა ღვინით დაინტერესებული პირველი ვიზიტორების გამოჩენამ ძველი სამეურნეო ნაგებობის დანიშნულება შეცვალა. დაახლოებით 80-100 წლის ნალია, სადაც ოჯახი ადრე ჩირს, ბალახებსა და სიმინდს ინახავდა, დღეს სადეგუსტაციო სივრცეა.

სტუმრებს აქ ადგილობრივ ღვინოსთან ერთად აჭარულ და სხვა ქართულ კერძებსაც სთავაზობენ. მარნის თანადამფუძნებლის თქმით, ვიზიტორების ინტერესი ადგილობრივი კულინარიის მიმართაც მაღალია, რაც ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის დამატებით შესაძლებლობას ქმნის.

„როდესაც პირველი ორი დაინტერესებული ადამიანი მოვიდა ჩვენთან, სადეგუსტაციო სივრცე საერთოდ არ გვქონდა. გადავწყვიტეთ, ძველი ნალია გადაგვეკეთებინა და დღეს აქ ვმასპინძლობთ ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს. მათ ჩვენს ღვინოსთან ერთად ადგილობრივ კულინარიასაც ვთავაზობთ – აჭარულ კერძებს, რომლებიც ძალიან კარგად ეხამება აჭარულ ღვინოს. სტუმრებს ადგილობრივი კერძები მოსწონთ და ვცდილობთ, ამ მიმართულებასაც გავუწიოთ პოპულარიზაცია“, – აღნიშნავს მეღვინე.

მომავალში „მეღვინეობა ჩხაველი“ როგორც საწარმოო, ისე ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გეგმავს. მიზანია, მარნის ტერიტორიაზე უფრო დიდი ჯგუფების მიღება და მათთვის ღვინის დეგუსტაციასთან ერთად აჭარული გასტრონომიული გამოცდილების შეთავაზება. თუმცა, როგორც თედორაძე განმარტავს, ამ გეგმების განხორციელებას დამატებითი ინვესტიცია სჭირდება და მხოლოდ საკუთარი ფინანსური რესურსები საკმარისი არ არის.

ამ ეტაპზე კომპანია სხვადასხვა პროექტში მონაწილეობს და მხარდამჭერ პროგრამებს ეძებს, რათა წარმოების ზრდასთან ერთად სტუმარმასპინძლობის მიმართულებაც გააფართოოს. მარნის სტრატეგია ადგილობრივი ჯიშის პოპულარიზაციას, საექსპორტო ბაზრებზე გასვლასა და აჭარის ღვინის ტურისტულ რუკაზე უფრო აქტიურად წარმოჩენას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები