მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში მეღვინეობა „ჩხაველმა“ წლევანდელი მოსავლის 40% დაკარგა - რა გავლენა იქონია უხვმა ნალექმა წარმოებაზე

მეღვინეობა

აჭარაში უხვმა ნალექმა საოჯახო მეღვინეობა „ჩხაველის“ წლევანდელი მოსავლის დაახლოებით 40% გაანადგურა. როგორც მარნის თანადამფუძნებელმა მაკა თედორაძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, განსაკუთრებით რთული სეზონი ორგანული მიმართულებით მომუშავე მეღვინეებისთვის აღმოჩნდა, რადგან მაღალი ტენიანობისა და ხშირი ნალექის პირობებში ყურძნის ქიმიური პრეპარატების გარეშე დაცვა რთულდება.

„წლევანდელი წელი საკმაოდ სუსტი იყო. უხვი ნალექი გვქონდა და განსაკუთრებით ორგანული მიმართულებით რთულია ასეთ პირობებში ყურძნის შენარჩუნება, რადგან ქიმიურ პრეპარატებს არ ვიყენებთ. ჩვენი ფილოსოფია ბუნებასთან მაქსიმალური ჰარმონიაა. წელს დაახლოებით 40% დავკარგეთ მოსავლის. ამინდი ძალიან დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით აჭარაში, სადაც მაღალი ტენიანობა და უხვი ნალექი მევენახეობას ართულებს“, - განმარტავს მაკა თედორაძე.

მიუხედავად დანაკარგისა, მარანი წარმოების არსებულ მიდგომას ინარჩუნებს. თედორაძის შეფასებით, მცირე მასშტაბის წარმოება და ადგილობრივი ყურძნის ჯიშები აჭარულ ღვინოს განსხვავებულ მახასიათებლებს სძენს, რაც მომხმარებლების ინტერესსაც განაპირობებს.

„ვფიქრობ, სწორედ მცირე წარმოება, ადგილობრივი ჯიშები და ბუნებასთან სიახლოვე ქმნის იმ განსაკუთრებულობას, რომელიც ღვინის მოყვარულებისთვის საინტერესოა. ჩვენი მომხმარებლებიც აღნიშნავენ, რომ ძალიან განსხვავებული და მრავალფეროვანი ღვინოები გვაქვს“, – ამბობს მეღვინეობის თანადამფუძნებელი.

სოფელ ერგეში, ბათუმიდან 10 კილომეტრში მდებარე „მეღვინეობა ჩხაველი“ 2023 წლიდან ფუნქციონირებს. მარანი მაკა თედორაძემ მეუღლესთან ერთად დააფუძნა. პროფესიით ფინანსისტმა მეღვინეობის მიმართულებით ცოდნა სასერტიფიკატო კურსის გავლით მიიღო, პირველი ღვინო კი ოჯახის ვენახში მოყვანილი ყურძნისგან დაამზადა. დღეს მეღვინეობა წელიწადში დაახლოებით 2 000-2 500 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაციას რამდენიმე რესტორანში ახორციელებს, სამომავლოდ კი წარმოების გაზრდასა და საექსპორტო ბაზრებზე გასვლას გეგმავს. პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის დასავლეთის ქვეყნებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები