„საკონსულო დაწესებულების გახსნა გახლავთ კომპლექსური საკითხი, არსებობს საერთაშორისოდ დამკვიდრებული წესები და რეგულაციები, რომელთა ფარგლებშიც ხდება ამ პროცესის წარმართვა“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას. ცნობისთვის, რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა მინისტრს საზღვარგარეთ დამატებითი საკონსულოების შექმნის გეგმების შესახებ კითხვით მიმართა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დამატებითი საკონსულოების გახსნის საკითხის განხილვისას მხედველობაში მიიღება მასპინძელი ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურებები, ადგილსამყოფელი ქვეყნის რეგულაციები და ა.შ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა განსხვავდებოდეს გადაწყვეტილების მიღების ვადები, დაწესებულების ადგილსამყოფლის შერჩევის წესები და სხვა. მისივე თქმით, როგორც წესი, დაწესებულების გახსნასთან დაკავშირებული წინადადების განხილვაში ჩართულია არაერთი უწყება და კონსულტაციები, შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი მიმდინარეობდეს.
ამასთან, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულების გახსნა შეიძლება მხოლოდ ამ სახელმწიფოს თანხმობით.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საარჩევნო უბნების შექმნის საკითხზეც. მისი თქმით, საარჩევნო უბნის შექმნა განეკუთვნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენციას.
„საარჩევნო უბნის შექმნის ზოგადი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის შეყვანა ხდება რეგისტრაციის მისამართის მიხედვით. უცხოეთში მყოფი ამომრჩევლებისთვის მათი რეგისტრაციის მისამართი, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, არის საქართველოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების მისამართი. ამრიგად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იხსნება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან/და საკონსულო დაწესებულებებში, მსგავსად მსოფლიოს არაერთი ქვეყნისა“,- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მონაცემების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ გახსნილი იყო 52 საარჩევნო უბანი - სწორედ იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რაც იმ დროს მოქალაქეთა რეგისტრაციის მონაცემებს შეესაბამებოდა. მინისტრის თქმით, მიმდინარე წელსაც გადაწყვეტილება მიიღება არსებული საჭიროებების შესაბამისად.