საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე ამბობს, რომ სტუ-ში ჩაბარებასთან დაკავშირებით მოთხოვნა წელს გასული წლის მსგავსია. მან ამის შესახებ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ზუსტად იგივე სიტუაციაა, რაც შარშან იყო. ასევე, ჩვენ უცხოელი სტუდენტების საკმაოდ დიდი რაოდენობა გვყავს უკვე და მიღების კვოტაც დიდი გვაქვს. მიმდინარეობს მაგაზე მუშაობა და შემოდიან სტუდენტები",- ამბობს დავით გურგენიძე.
რაც შეეხება აგრარული მიმართულების პროგრამების სტუ-დან სოხუმის უნივერსიტეტში შესაძლო გადატანის საკითხს, გურგენიძის თქმით, პროგრამები მათთან რჩება და სოხუმის უნივერსიტეტის შესაბამისი აკრედიტაციის გავლის შემდეგ იმსჯელებენ საკითხზე.
"ჩვენთან ეს პროგრამები რჩება. ეს ახალგაზრდები ჩვენთან რჩებიან და სწავლობენ. პირველ კურსზე ჩარიცხულ სტუდენტებთან იქნება ახალი მიდგომა. ეს ძალიან რთული პროცესია, არის შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტები, არის მოქმედი სტუდენტები, ამიტომ ამაზე მიდის ყოველდღიური მუშაობა. სოხუმის უნივერსიტეტი გადის აკრედიტაციებს სხვადასხვა მიმართულებით და როდესაც აკრედიტაციას გაივლის, შემდეგ უკვე დავიწყებთ მსჯელობას ამაზე",- განმარტა დავით გურგენიძემ.
რატომ ერგო სოხუმის უნივერსიტეტს აგრარული მიმართულება, რომელიც სტუ-შია?|სამინისტროს პასუხი
სტუ-ს რექტორი, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელს დადებითად აფასებს.
"ამას ველოდით ათეული წელია უკვე და კარგია, რომ დაიწყო ეს პროცესი და რა თქმა უნდა, დაიხვეწება. მივესალმები და კარგია, ორი აზრი არ არის მაგაში",- აღნიშნავს რექტორი.
ცნობისთვის, გივი მიქანაძემ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დადგენილების პროექტი რექტორთა საბჭოს მორიგ სხდომაზე რექტორებთან ერთად გუშინ განიხილა.



























