საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ აგრარული მიმართულების სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადატანით სამინისტროს სურს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მკაფიო და გამორჩეული ნიშა ჰქონდეს.
ამასთან, გივი მიქანაძის უწყებაში ირწმუნებიან, რომ „აგრარული მიმართულება ისტორიულად ჰქონდა [სოხუმის უნივერსიტეტს], სუბტროპიკული ინსტიტუტის სახით, სრულად გადაეცა უნივერსიტეტს.
როგორც ცნობილია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს აგრარული მიმართულება საერთოდ არ აქვს, განსხვავებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან, სადაც აგრარული მეცნიერების და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტზე სტუდენტებს იღებენ.
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზეც ჩანს და პროფესორების ნაწილიც აცხადებს, აგრარული პროგრამები სოხუმის უნივერსიტეტს არასდროს ჰქონია, განსხვავებით სტუ-სგან. შესაბამისად, რას ნიშნავს სამინისტროს გადაწყვეტილება - აწი უნდა შეიქმნას აგრარული მიმართულებისთვის პროგრამები [გაიარონ აკრედიტაცია და ა.შ.]?
- სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰქონოდა მკაფიო და გამორჩეული ნიშა. საქმე ისაა, რომ სახელმწიფოს ამ ეტაპზე არ გააჩნია დამოუკიდებელი აგრარული უნივერსიტეტი (რაც წინა ხელისუფლების პერიოდში აგრარული უნივერსიტეტის გასხვისების შედეგია). სწორედ ამიტომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აგრარული მიმართულება ეტაპობრივად გამოიყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან და სრული მასშტაბით ამოქმედდეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზეც გააჟღერა და პროცესი სრულიად გამჭვირვალეა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახორციელებს ყველა აგრარულ პროგრამას ხელახალი აკრედიტაციის გავლისა და შესაბამისი ნებართვის მოპოვების საფუძველზე. სწორედ ამიტომ, მიმდინარე ეტაპზე, კვოტებში აგრარული მიმართულებები ჯერ კიდევ ტექნიკურ უნივერსიტეტშია მითითებული.
- იმის გათვალისწინებით, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს დევნილი უნივერსიტეტია აფხაზეთის ოკუპირების გამო, და ასევე, უნივერსიტეტში ასწავლიან დევნილი პროფესორებიც, გასაგებია, რომ 3-ჯერ ნაკლები კვოტა დარჩა, როგორ აპირებს სამინისტრო უნივერსიტეტის ფინანსური რისკების გადაზღვევას? მათ შორის პროფესორ-მასწავლებლების შენარჩუნებას.
- ჩვენი მიდგომაა პროფესორ-მასწავლებელთა შენარჩუნება. ამის განხორციელებას ვგეგმავთ არსებული პროგრამების გადანაწილებით, კვლევითი მიმართულებების გაძლიერებით და საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციული ფუნქციების დაკისრებით.




























