"იგლ ჰილსის" პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, - ეს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ერთ პროექტს ამხელა წვლილი შეაქვს ეკონომიკაში, ბიუჯეტსა და დასაქმებაში, იქ საუბარი ზედმეტია იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს სარგებელი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის.
„პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო. მხოლოდ და მხოლოდ დადებითი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის - ეს არის ბიუჯეტში, წელიწადში, საშუალოდ, პლუს 700 მლნ ლარი, რაც ორი სხვადასხვა ფორმით შევა ბიუჯეტში: ეს არის გადასახადები - დაახლოებით 500 მლნ და პლუს 200 მლნ მოგება ამ 33%-დან.
ეს არის ეკონომიკაში დამატებითი შენატანი. დაახლოებით, 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, უზარმაზარი მასშტაბის ეფექტზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. დასაქმება - აქაც კონკრეტული მონაცემები გამოვიტანეთ, რამდენი დროებითი და მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება ქვეყანაში, უზარმაზარი მაჩვენებლებია. როდესაც ერთ პროექტს ამხელა წვლილი შეაქვს ეკონომიკაში, ბიუჯეტში, დასაქმებაში, იქ საუბარი ზედმეტია იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს სარგებელი ქვეყნისთვის, სახელმწიფოსა და მოსახლეობისთვის. სარგებელი არის უზარმაზარი, ნაკლი - არავითარი,“- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ოპონენტების ერთ-ერთი მესიჯია არაბიზაცია, რაც არის სპეკულაცია და მნიშვნელოვანია, რომ არგუმენტებს მოუსმინოს საზოგადოებამ.
„მთლიანობაში, დაახლოებით, დაგეგმილია 16 000 ბინის, ან საცხოვრებელი სახლის გაყიდვა. აქ საუბარია, დაახლოებით, 5-6 წლიან პერიოდზე. ეს ნიშნავს იმას, რომ წელიწადში, დაახლოებით, 3 000-მდე ბინა შეიძლება გაიყიდოს ორივე ლოკაციაზე ერთად, ჯამურად. ეს ეხება როგორც გონიოს, ისე კრწანისის ტერიტორიას. უცხოელებზე, ბოლო წლების განმავლობაში, ყოველწლიურად, საშუალოდ, იყიდება 15 000 ბინა, 5-ჯერ მეტი და ამას არ შეუქმნია არავითარი დემოგრაფიული პრობლემები. აქ საუბარი ზედმეტია, რომ რაიმე დემოგრაფიული კატასტროფა შეიძლება შექმნას ამ პროექტმა.
რას ეფუძნებოდა Emaar-ის და Eagle Hills-ის ხელმძღვანელის განცხადება 60%-იან ვარაუდთან დაკავშირებით. მათ აქვთ ძალიან კარგად გაშლილი მარკეტინგული ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამის გამო მას აქვს ეს მოლოდინი, რომ დაახლოებით 60%-იანი იქნება გაყიდვების მაჩვენებელი უცხოელებზე. თუმცა, გამომდინარე საფასო პოლიტიკიდან, ფასები, რა თქმა უნდა, გასაჯაროვდება უშუალოდ კომპანიის მიერ, მაგრამ რა ინფორმაციაც გვაქვს საფასო პოლიტიკის შესახებ, სავსებით შესაძლებელია, რომ რაც არის სტანდარტული მაჩვენებელი - 80 % ყიდულობენ საქართველოს მოქალაქეები საქართველოში აშენებულ ბინებს, დიდი ალბათობით ახლოს იქნება ამ მაჩვენებელთან", - განაცხადა კობახიძემ.




























