მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იგოეთმა“ ალუბლის დანამატიანი აჯიკის წარმოება დაიწყო - პროდუქტი ექსპორტზე იაპონიაში გავა

642ace071027f
სალომე ხიდურელი
04.04.23 09:00
1013
სუნელებისა და აჯიკების მწარმოებელმა კომპანია „იგოეთმა“ ბაზარზე ახალი პროდუქტი - ალუბლის დანამატიანი აჯიკა ჩაუშვა. ამის შესახებ BM.GE-ს საწარმოს კომერციული დირექტორი ვაჟა ილურიძე უყვება და აღნიშნავს, რომ ახალ პროდუქტს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

„სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენმა კომპანიამ სუნელების გარდა, აჯიკის წარმოებაც დაიწყო და ამ დრომდე მისი სამი სახეობა გვაქვს: ტრადიციული აჯიკა მეგრული რეცეპტით, ასევე აჯიკა ნიგვზით, რაც არახალია ქართველი მოსახლეობისთვის და მესამე, რომელიც ახლახან ჩავუშვით გაყიდვაში - აჯიკა ალუბლის დანამატით, რომლის გემოც ტრადიციული აჯიკისგან სრულიად განსხვავდება და განსაკუთრებით დააინტერესებს ტკბილ-ცხარე სოუსების მოყვარულ ადამიანებს. მსგავსი პროდუქტი არც ქართულ და, შესაბამისად, არც უცხოურ ბაზარზე სხვას არავის აქვს“, - აცხადებს ვაჟა ილურიძე.

„იგოეთის“ წარმომადგენლის თქმით, კომპანიამ ალუბლის გარდა, ექსპერიმენტის სახით აჯიკას სხვა 10-15 სახეობის გამომშრალი ხილიც დაამატა, რის შედეგადაც კიდევ რამდენიმე პროდუქტის დახვეწაზე მუშაობენ.

როგორც ვაჟა ილურიძე ამბობს, ახალმა პროდუქტმა განსაკუთრებული დაინტერესება იაპონელების მხრიდან მოიპოვა, რადგან აჯიკის ეს სახეობა იაპონური სამზარეულოს გემოებთან ახლოს დგას, თუმცა კომპანია „იგოეთი“ ევროპისა და ამერიკის ბაზრების ათვისებასაც გეგმავს.

„იაპონელები დაგვიკავშირდნენ აჯიკასთან დაკავშირებით. უკვე გავგზავნეთ საექსპორტოდ პროდუქტი, რომელიც ამჟამად იაპონიის ლაბორატორიებში გადის შემოწმებას და შედეგებს დიდი ენთუზიაზმით ველოდებით.

გარდა ამისა, ახლახან დავბრუნდით ლონდონიდან, სადაც ჩვენი საწარმო საკვები პროდუქტების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო გამოფენა International Food & Drink Expo 2023-ზე იყო წარმოდგენილი. იქაურ კომპანიებთან მოლაპარაკებები ჯერ გაცნობით ეტაპზეა, ამიტომ მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ.

ნამდვილად ვიცი, რომ ამ პროდუქტებს ევროპის ბაზრებზე დიდი პოტენციალი აქვს, რასაც ადასტურებს ჩვენი ვიზიტები სხვადასხვა ქვეყანაში. აქტიურად ვთანამშრომლობთ ჰოლანდიასთანაც. ამერიკაში პროდუქტი Costco-ს ქსელში გადის შემოწმებას. მაქსიმალურად ვეჭიდებით უცხოურ ბაზრებს“, - აცხადებს ვაჟა ილურიძე.

რაც შეეხება პროდუქციის საქართველოში რეალიზაციას, როგორც „იგოეთის“ წარმომადგენელი BM.GE-სთან აღნიშნავს, მათი სამი სახეობის აჯიკა ამჟამად მხოლოდ „ფრესკოს“ სუპერმარკეტებშია წარმოდგენილი, რადგან ქსელურ მარკეტებში შესვლა კომპანიისათვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

„უახლოეს მომავალში თითქმის ყველა ქართულ სუპერმარკეტს შევთავაზებთ ჩვენს პროდუქციას. ზოგიერთთან უკვე გვაქვს მოლაპარაკებები და, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ბევრ ქსელურ მარკეტში ვიქნებით წარმოდგენილი.

სუპერმარკეტებში შესვლის პროცესს ადვილად ნამდვილად ვერ მოვნათლავდი. თითოეულ კომპანიასთან განსხვავებული პირობებით თანამშრომლობა გვიწევს. ძალიან დამწყდება გული, თუ სუპერმარკეტების ქსელების წამოყენებული პირობების და სხვადასხვა დეტალის გაპრობლემების გამო, ეს პროდუქცია ევროპაში უფრო თავისუფლად იქნება ხელმისაწვდომი, საქართველოში კი ქართველებს ტრადიციული აჯიკის ჭამა მოუწევთ, რომელთაგანაც ზოგს შეფუთვაზევე აწერია, რომ 70% წყლისგან შედგება“, - აცხადებს ილურიძე.

ცნობისთვის, „იგოეთის“ საწარმო 2020 წლიდან ფუნქციონირებს და ამ დროისთვის 18-მდე დასახელების სუნელ-სანელებლებს აწარმოებს. რაც შეეხება ახალ აჯიკას, კომპანიის კომერციული დირექტორის თქმით, ალუბლის აჯიკის დღიური წარმადობა ამ ეტაპზე 2500-მდე ბოთლია და მოთხოვნის მატებასთან ერთად გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები