გაყიდვების გაციფრულების პლატფორმა „იჰოტელსფეისი“ 2026 წელს რეგიონში თავისი მომსახურების გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანიის თანადამფუძნებელმა, დაჯი ლიპარტელიანმა ისაუბრა.
ლიპარტელიანის თქმით, კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოს სრულად გაციფრულება, რის შემდეგაც დაიგეგმება გაფართოება თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრებზე.
„რეგიონში გაფართოება 2026 წლიდან იგეგმება. ჩვენი მიზანია, რომ სრულად მოვიცვათ საქართველო და შემდეგ უკვე საერთაშორისო ბაზარზეც ბიზნესებს მივცეთ შესაძლებლობა, პლატფორმის საშუალებით თავიანთი სერვისები გავაციფრულოთ“, - განაცხადა ლიპარტელიანმა.
კომპანია მუდმივად აკვირდება მსოფლიოს ტენდენციებს. დაჯი ლიპარტელიანის თქმით, ამერიკის ბაზარზე დღეს დაახლოებით 60% ჯავშნების პირად ჯავშანზეა ორიენტირებული და ეს მაჩვენებელი მზარდია : „ამბობენ, რომ ეს პროცენტი შესაძლოა 95%-მდე გაიზარდოს. თუმცა, ევროპასა და ჩვენს რეგიონში პირადი ჯავშნების წილი, ძალიან დაბალია. სწორედ ამიტომ ავარჩიეთ ის ქვეყნები, სადაც სჭირდება გაციფრულება და აუცილებელია მსოფლიო ტენდენციებს მივყვეთ“, - განმარტა მან.




























