მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

II კვარტალში 11 941 კონცენტრაცია დარეგისტრირდა - კონკურენციის სააგენტო

კონკურენცია
12.07.24 11:25
193

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში, ეკონომიკური აგენტების 11 941 კონცენტრაცია დარეგისტრირდა.

GCCA-ის თანახმად, 11 931 შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების ერთობლივი შემოსავალი, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა. 10 შემთხვევა აკმაყოფილებდა, თუმცა 7 მათგანი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა, რამაც ისინი შეტყობინების ვალდებულებისგან გაათავისუფლა.

რაც შეეხება 3 შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული ეკონომიკური აგენტების მიმართ სააგენტომ საქმის წარმოება დაიწყო. საკითხი ეხება - სამშენებლო, ცემენტის წარმოება/დისტრიბუციისა და ალკოჰოლური და სხვა სასმელებით ვაჭრობის სექტორებს.

ინფორმაციისთვის, GCCA-ისთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.

სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.

2024 წელს, GCCA-მ 5 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ამ დროისათვის 5 კონცენტრაციაზე მიმდინარეობს კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხის შეფასება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები