2025 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში ადგილობრივ ტურისტებს შიდა ვიზიტებზე ხარჯები 7.4%-ით გაეზარდათ. ამის შესახებ განახლებული სტატისტიკა საქსტატმა გამოაქვეყნა.
კერძოდ, მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 280.6 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 6.2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 7.4%-ით და 166.9 ლარს გაუტოლდა.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 692.5 ათასით განისაზღვრა, რაც 4.2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, მონაცემების მიხედვით, ჯამურად, მეორე კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 367.3 ათასით განისაზღვრა, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 1.1% შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1 681.1 ათასი შეადგინა.




























