2024 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა და 53.6 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საწარმოთა საქმიანობის შედეგების მიხედვით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 20.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.5%-ით მეტია.
ამ პერიოდში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 66.5% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.1% - საშუალოზე, ხოლო 18.4% კი - მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46%, საშუალოზე - 24.3%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 29.7%.
II კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 28.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 8.3%-ით აღემატება, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 17 მილიარდი ლარი შეადგინა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8%-ით მეტი.
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა ამ პერიოდში 769.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.6% ქალი იყო, ხოლო 56.4% - კაცი.