მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

II კვარტალში ბიზნესს სექტორის ბრუნვა 12.5%-ით ₾60 მლრდ-მდე გაიზარდა

ზრდა

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.5%-ით 60.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. II კვარტალში მისი მოცულობა 23.2 მილიარდი ლარი იყო, რაც წლიურად 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

II კვარტალში ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობის 68% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15% — საშუალოზე, ხოლო 17% — მცირე ბიზნესზე. განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.8%, საშუალოზე — 24%, ხოლო მცირე ბიზნესზე — 29%.

რაც შეეხება დასაქმებას, საანგარიშო პერიოდში ბიზნესს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 795.6 ათასი იყო, რაც წლიურად 3.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.4% — საშუალოზე, ხოლო 36.7% — მცირე ბიზნესზე.

საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 745.3 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.9%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5 მილიარდ 284 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5%-ით მეტი).

II კვარტალში ბიზნესს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 317.6 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 212.2 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 466.9 ლარი;
⦁ საშუალო ბიზნესი – 2 741.8 ლარი;
⦁ მცირე ბიზნესი – 1 823.3 ლარი.

II კვარტალში ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 35% მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 33%-იანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამმუშავებელი მრეწველობა — 8%-იანი წილით, მშენებლობა — 5.8%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება — 4.5%-იანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია — 3.7%-იანი წილით.

ბიზნესს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამმუშავებელი მრეწველობა (19.3%), ვაჭრობა (18.2%), მშენებლობა (16.5%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (9.4%) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9%) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 27.6%-იანი წილი ეჭირა.

დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამმუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები