ერთპარტიული პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2025 წლის II კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი დადებითი იქნება და 7.5% დაფიქსირდება.
"მშპ-ის მოსალოდნელი ზრდა 2025 წლის მეორე კვარტალში განპირობებულია კოვიდ პანდემიის შემდგომ დაწყებული გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებით. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის ზრდის საბაზისო ეფექტი მაღალი იყო (2024 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკა გაიზარდა 9.7%-ით), ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება კვლავ გრძელდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა 2025 წლის I კვარტალში. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საშუალო რეალური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა, რაც აღემატება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პირველი კვარტალის პროგნოზს (4.8%)",- წერია საბიუჯეტო ოფისის შეფასებაში.
საბიუჯეტო ოფისის 2025 წლის მეორე კვარტალის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ემყარება დაშვებებს, რომ 2024 წლის მეორე კვარტალთან შედარებით:
- ტურიზმის მოცულობა, ანუ საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 1.1-ჯერ გაიზრდება (2019 წლის მეორე კვარტალის პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 1.2-ჯერ ნაკლები). ამავე დროს გაიზრდება ქვეყნიდან გასული ვიზიტორების რიცხოვნობაც;
- ტურიზმის ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად, კვლავ შენარჩუნდება შიდა ტურიზმის აქტივობა;
- გაიზრდება როგორც კერძო მოხმარების, აგრეთვე ინვესტიციების მოცულობა, რაც განაპირობებს მთლიანი მოხმარების და ინვესტიციების ზრდას, შესაბამისად, ეკონომიკური აქტივობის აღნიშნულ დადებით ტემპს;
- მთავრობის საინვესტიციო აქტივობების ზრდასთან ერთად, გაზრდილი მოხმარების და კერძო ინვესტიციების პარალელურად მოსალოდნელია, რომ გაიზრდება საქონლის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა.
"აღნიშნული დაშვებების რაოდენობრივი შეფასების შედეგად მოსალოდნელია,რომ 2025 წლის მეორე კვარტალში იმპორტის მოცულობა უფრო მეტად გაიზრდება და წმინდა ექსპორტის კომპონენტი -4.3 პროცენტული პუნქტით განსაზღვრავს ეკონომიკური აქტივობის ცვლილებას, ხოლო აბსორბციის (მოხმარების და ინვესტიციების ჯამი) კომპონენტი მნიშვნელოვნად გაიზრდება და მშპ-ის ცვლილებას 11.8 პროცენტული პუნქტით განაპირობებს. საბიუჯეტო ოფისის გაანგარიშების მიხედვით, 2025 წლის პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის შეფასებაში წმინდა ექსპორტი -15 პროცენტული პუნქტით, ხოლო აბსორბციის კომპონენტი 24.3 პროცენტული პუნქტით განისაზღვრა",- წერია საბიუჯეტო ოფისის პროგნოზში.
რაც შეეხება ინფლაციას, საბიუჯეტო ოფისის განცხადებით, სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას, ეს კი ინფლაციის ზრდის მიმართულებით მოახდენს ზეწოლას.
"2025 წლის I კვარტალში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელმა 2.6% შეადგინა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე ნაკლები.აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დაფიქსირებული საშუალო წლიური ინფლაციის მკვეთრი ზრდის (11.9%) შემდეგ, 2023 წლიდან აღნიშნული მაჩვენებლის კლება ფიქსირდება. სამომხმარებლო ფასების ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა 2023 წლის მეორე კვარტლიდან (1.6%), რაც, ძირითადად, მსოფლიო ბაზარზე ნავთობსა და სურსათზე ფასების კლებით იქნა გამოწვეული. აღნიშნული შემცირების ტენდენცია გრძელდება, რის საპასუხოდაც საქართველოს ეროვნული ბანკი ეტაპობრივად ახდენს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 31 იანვარს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პპ-ით შემცირდა, 13 მარტს - 0.75 პპ-ით, ხოლო 22 მაისს - 0.25 პპ-ით და 8.0% შეადგინა, რამაც საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკური აქტივობის ზრდას. აღნიშნული ფაქტორი გავლენას იქონიებს ინფლაციის მაჩვენებელზე, კერძოდ ზრდის მიმართულებით",- წერია შეფასებაში.




























