ევროკავშირში 2023 წლის II კვარტალში, I კვარტალთან შედარებით, ბიზნესების გაკოტრების რიცხვი 8.4%-ით გაიზარდა - ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ბლოკის ოფიციალურ სტატისტიკის სააგენტო Eurostat-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, კომპანიების გაკოტრების პროცენტული მაჩვენებელი ზედიზედ მეექვსე კვარტალია, რაც იზრდება - ეს უპრეცედენტო შემთხვევაა მას შემდეგ, რაც Eurostat-მა მონაცემების შეგროვება 2015 წლიდან დაიწყო.
ბიზნესების გაკოტრების უმაღლესი მაჩვენებელი ბლოკში პირველად 2022 წლის IV კვარტალში დაფიქსირდა, როდესაც, კოვიდპანდემიის გამო, ბიზნესებისთვის სახელმწიფო ხელშეწყობა შესუსტდა.
ევროკომისიამ ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილში €8 მილიარდზე მეტი გამოყო მცირე და საშუალო ბიზნესების დასახმარებლად. მართალია, მსგავსი ტიპის დახმარებამ მრავალი მწარმოებელი ფინანსური კრიზისისგან იხსნა, თუმცა შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მათი საქმიანობა არ გაუმჯობესებულა.
მართალია, გაკოტრების მაჩვენებელი ყველა ბიზნესსექტორისათვის მაღალია, განსაკუთრებული ზრდა მაინც საკვებისა და სასტუმროების სექტორში დაფიქსირდა და 23.9%-ს მიაღწია, რაც პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით 82.5%-ით მეტია.