2023 წლის II კვარტალში 505.7 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2022 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 29.9%-ით მეტია. ამის შესახებ საქსტატის მიერ 2023 წლის II კვარტალის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 23.3%-ით შემცირდა და 72.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 14.4%-ია. რეინვესტიციამ კი 422.5 მლნ დოლარი შეადგინა, რომლის წილიც მთლიან FDI-ში 83.5%-ით განისაზღვრა.
ქვეყნების მიხედვით ამ პერიოდში ყველაზე მეტი ინვესტიცია 168.3 მლნ. აშშ დოლარით გაერთიანებული სამეფოდან განხორციელდა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 33.3%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე თურქეთია - 71 მლნ დოლარით (14%), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები - 62.7 მლნ დოლარით (12.4%).
ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 78%-ს შეადგენს.
რაც შეეხება სექტორებს 2023 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 255.7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 50.6%-ია. მეორე ადგილს ენერგეტიკის სექტორი - 137.2 მლნ დოლარით (27.1%) იკავებს, ხოლო მესამეზე დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 35.6 მლნ. აშშ დოლარით (7%) იმყოფება.