II-VI კლასის მოსწავლეების სკოლის ფორმების შეძენას დღეიდან შეძლებენ - ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი კომპანია საგანმანათლებლო რესურსები ავრცელებს.
"დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, 2 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი, როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge
მთელი ქვეყნის მასშტაბით 83 რეალიზაციის პუნქტი იფუნქციონირებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) მშობლის სტატუსის მქონე პირების შვილებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლებია.
სასკოლო ფორმა ასევე უფასოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:
• რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია;
• ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
• განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
• ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
• განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;• 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
აღნისანიშნია, რომ პირველ ეტაპზე I კლასელებისთვის სასკოლო ფორმების გაყიდვები მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს დაიწყო.
























