მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოხდება, თუ მოსწავლე სკოლაში ფორმის გარეშე მივა? - განათლების მინისტრის პასუხი

გივი მიქანაძე

განათლების მინისტრი აცხადებს, რომ მშობლებმა მოსწავლეების მიერ ფორმების სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, რადგან სკოლაში ბავშვის შეყვანით ისინი ხელს აწერენ სკოლის შინაგანაწესს. ამის შესახებ გივი მიქანაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპსუხოდ განაცხადა. მინისტრმა განმარტა, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შინაგანაწესით გათვალისწინებული მექანიზმები გამოიყენება.

საქმე ის არის, რომ საჯარო სკოლებში სავალდებულო ფორმების შემოღების გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება და კითხვები მოჰყვა. მშობლების ნაწილი ფორმების დაბალ ხარისხზე, დამატებით ფინანსურ ხარჯებსა და იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ სამინისტროს სისტემური რეფორმები სხვა, მაგალითად ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებით უნდა დაეწყო და არა - ფორმებით. ამასთან, საზოგადოებაში ისმის პროტესტიც - მშობელთა ნაწილი აცხადებს, რომ შვილებისთვის ფორმების ყიდვას არ აპირებს.

განათლების მინისტრის, უკმაყოფილო მშობლები "მცირე უმცირესობას" წარმოადგენენ და არ არის გამორიცხული, ეს პროცესი მიზანმიმართულ კამპანიას ატარებდეს. მიქანაძის თქმით, უწყებამ გადაწყვეტილების მიღებამდე ფართომასშტაბიანი კონსულტაციები გაიარა.

"ბოლო 4 თვის განმავლობაში დავიწყეთ პროექტი "მინისტრის შეხვედრა მშობლებთან", 26 მუნიციპალიტეტში ვიყავით და ჯამში 10 000-ზე მეტ მშობელს შევხვდით. ამ შეხვედრებზე ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, რომ მშობელს უკმაყოფილება გამოეთქვა ფორმების შემოღებაზე. პირიქით, ისინი მიესალმებიან ამ გადაწყვეტილებას. საზოგადოებაში არის მცირე კონტინგენტი, უმცირესობა, რომელიც სრულიად გაუგებარი მიზეზით აცხადებს, რომ ბავშვს ფორმას არ ჩააცმევს", - განაცხადა მიქანაძემ.

მინისტრი უარყოფს ბრალდებას ფორმების დაბალ ხარისხზე და განმარტავს, რომ სკოლის ფორმა ემსახურება სოციალურ თანასწორობას, უსაფრთხოებასა და აკადემიური მოსწრების ამაღლებას. ამასთან, მან უარყო მოსაზრება, თითქოს სამინისტრო მხოლოდ ფორმების საკითხზეა კონცენტრირებული.

"პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ ეს არანაირად არ არის დაბალი ხარისხის. ეს არის ერთ-ერთი უპირველესი მიმართულება, გამომდინარე იქიდან, რომ სოციალურ თანასწორობაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სკოლაში.

15 სექტემბერს 1-ელი, მე-7 და მე-10 კლასელებს სრულიად ახალი, მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები დახვდებათ. ასევე ამოქმედდება ახალი წესი, რომლითაც იზღუდება მობილური ტელეფონების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, იმისთვის, რომ ბავშვი მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოს სწავლაზე. და უამრავი სხვა რამ, რაც რეფორმით არის გათვალისწინებული და აბსოლუტურად ვერ გავაზიარებ იმ პოზიციას, რომ თითქოსდა მარტო ფორმებზე ვართ კონცენტრირებული. ფორმა არის ერთ-ერთი, მაგრამ ამავდროულად უმნიშვნელოვანესი კომპონენტი", - განაცხადა მიქანაძემ.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ბავშვს სკოლის ფორმას არ ჩააცმევს?

კითხვაზე, თუ რა ზომებს მიმართავს სამინისტრო იმ შემთხვევაში, თუ მშობლები პროტესტის ნიშნად უარს იტყვიან ფორმის შეძენაზე, გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ მშობელი სკოლაში ბავშვის შეყვანისას იღებს ვალდებულებას, დაემორჩილოს დაწესებულების შინაგანაწესს, სადაც ფორმის ტარება სავალდებულო ხდება.

"როდესაც მშობლები ამბობენ, რომ "მე არ ჩავაცმევ და ნახავთ, ბავშვი როგორ არ შეუშვებენ სკოლაში" და ასე შემდეგ, აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი რა არის: მშობელი მანიპულირებს ბავშვით, ცალსახად. საუბარი დაწყებით კლასებზე გვაქვს, ბავშვი, შეიძლება, ჯერ კიდევ კარგად ვერ აცნობიერებს რაზეა საუბარი და აქ მშობლის ავტორიტეტი მოქმედებს. მშობელს უნდა ესმოდეს, რომ სკოლაში ბავშვის შეყვანასთან ერთად ის ხელს აწერს და ეთანხმება შინაგანაწესს. შინაგანაწესით განისაზღვრება, რომ ფორმის ტარება სავალდებულოა.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი მაინც გააპროტესტებს და ბავშვს არ ჩააცმევს, შინაგანაწესით იქნება გათვალისწინებული ეტაპობრივი შესაძლებლობები - როგორც აღმზრდელობითი, ასევე კონკრეტული მექანიზმები, თუ რა პროცედურები უნდა გატარდეს.

ჩვენთვის მთავარია ბავშვი იყოს სასწავლო პროცესში ჩართული. მშობლებთან მუშაობა გაგრძელდება და ყველა მშობელმა უნდა გაითავისოს პასუხისმგებლობა. ის, რაც შვილისთვის საუკეთესოა, იმის გაპროტესტება წარმოუდგენლად მიმაჩნია", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, სასკოლო ფორმების შესყიდვასთან დაკავშირებით, 2026 წლის 19 ივნისს შპს "საგანმანათლებლო რესურსებმა" საქართველოში რეგისტრირებულ შპს "გლორი ტექსტილ ინდასთრისთან" 45 658 840 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

შესყიდვის ობიექტს 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმა წარმოადგენს. კონტრაქტის მიხედვით, ბიჭის სასკოლო ფორმის კომპლექტის ღირებულება 74.73 ლარს შეადგენს, ხოლო გოგოს კომპლექტის – 76.02 ლარს. ამ მონაცემებით, სახელმწიფოს მიერ დადგენილ 95-ლარიან საცალო ფასსა და შესყიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ღირებულებას შორის სხვაობა ბიჭის კომპლექტზე 20.27 ლარია, ხოლო გოგოს კომპლექტზე – 18.98 ლარი.

ხელშეკრულების ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით, სასკოლო ფორმების ძირითადი ქსოვილი უნდა შედგებოდეს 72% პოლიესტერის, 25% ვისკოზისა და 3% ელასტინისგან. ფორმები გათვლილი უნდა იყოს 40-გრადუსიან მანქანურ რეცხვაზე, ხოლო გამოყენებული მასალები OEKO-TEX Standard 100-ის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები