მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

III კვარტალში ეკონომისტებმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მცირედით დადებითად შეაფასეს - PMCG

საქართველო

PMCG-ის კვლევითი ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური კლიმატის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის III კვარტალში ქართველმა ეკონომისტებმა საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა მცირედით დადებითად შეაფასეს.

მათი შეფასება გაუმჯობესდა წინა კვარტალთან შედარებით, მაგრამ გაუარესდა 2023 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით.

„2024 წლის III კვარტალში გამოკითხული ეკონომისტების მოლოდინი მომდევნო ექვსი თვის თავზე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ ნეგატიურია, თუმცა მათი მოლოდინი არსებითად გაუმჯობესდა წინა კვარტალთან შედარებით“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

გარდა იმისა, რომ გამოკითხულმა ექსპერტებმა შეაფასეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და დააფიქსირეს მოლოდინი მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, მათ გააკეთეს საქართველოსთვის ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზი.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის პროგნოზი რეალური მშპ-ს ზრდასთან დაკავშირებით საშუალოდ 6.7%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი წინა კვარტალში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

  • მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის მოსალოდნელია წლიური ინფლაციის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. 2024 წლისათვის მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 3.5%-ია, რაც 1.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა კვარტალის პროგნოზთან შედარებით.
  • მოსალოდნელია, რომ მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქართული ლარი გაუფასურდება აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით, ხოლო გამყარდება რუსულ რუბლთან და თურქულ ლირასთან მიმართებით.
  • მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, 2023 წელთან შედარებით, მოსალოდნელია ექსპორტისა და იმპორტის მოცულობების ზრდა.

ცნობისთვის: „საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“ პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) პროდუქტია. ამ ბიულეტენში, რომელიც ifo ინსტიტუტის მეთოდოლოგიას ეყრდნობა, განხილულია საქართველოს ეკონომიკური კლიმატი ქართველ ეკონომისტთა შეფასებით. აღნიშნული გამოცემისთვის კვლევა ჩატარდა 2024 წლის სექტემბერში.

იმ ეკონომისტების რაოდენობა, რომლებსაც ეგზავნებათ კვარტალური კითხვარი შეადგენს 60-ს. გამოხმაურების დონე, შესაძლოა, მერყეობდეს კვარტალების მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები