2024 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 758.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 7.4%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის მონაცემებით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 44.4%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
რაც შეეხება საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობას, მესამე კვარტალში, მათი რიცხვი 603 ათასი იყო, რაც 6.8%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ცნობისთვის, მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით. ხოლო ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2023-2024 წლების III კვარტალებში საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების გასვლებისა და საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობას.