BAG-ის ინდექსში ინვესტიციების კვლევის მიხედვით, კომპანიების 66%-მა განაცხადა, რომ 2025 წელს ჯამური ინვესტიციების მოცულობა 2024 წელთან შედარებით გაიზრდება. გამოკითხულთა 28%-ს არ აქვს ცვლილების მოლოდინი, ხოლო 6%-ს პროგნოზი შემცირებული აქვს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის საინვესტიციო გეგმის შესაფასებლად 2025 წლის I კვარტალში ჩატარდა ინვესტიციების კვლევა, ხოლო 2025 წლის III კვარტალში ამ პროგნოზის განახლება მოხდა.
გამოკითხული კომპანიები ოთხ სექტორში იყო გაყოფილი: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. კვლევის მიზანი იყო 2024 წელს განხორციელებული ინვესტიციებისა და 2025 წლის გეგმების შეფასება.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის III კვარტალში, 2025 წლის I კვარტალთან შედარებით, საინვესტიციო პროგნოზები 2025 წლისთვის მცირედით გაუმჯობესებულია, კერძოდ, ნაცვლად კომპანიების 64%-ისა, რომელიც 2025-ში გეგმავდა ინვესტიციების ზრდას, ინვესტიციების გაზრდას ახლა 66% გეგმავს.
სექტორების მიხედვით, ინვესტიციების პროგნოზი ყველაზე მეტად (7 პროცენტული პუნქტით) ვაჭრობის სექტორში გაიზარდა, კერძოდ, 2025 წლის I კვარტალში კომპანიათა 61% თვლიდა, რომ 2025-ში მათი ინვესტიციები გაიზრდებოდა, ხოლო III კვარტალში - 68%.

სექტორული ჭრილში ყველაზე მაღალი ოპტიმიზმი მომსახურებისა და ვაჭრობის სექტორებში ფიქსირდება. კომპანიების 70% და 68% ინვესტიციების ზრდას გეგმავს. მრეწველობის სექტორში ეს მაჩვენებელი 47%–ია, მშენებლობაში – 40%.
ინვესტიციების მიმართულებით გამოკითხულთა 66% ზრდას აღჭურვილობაში გეგმავს, 60% პროგრამულ უზრუნველყოფასა და მონაცემთა ბაზებში, ხოლო 50% შენობა-ნაგებობებში. სექტორების მიხედვით, ყველაზე პოზიტიური მოლოდინი აღჭურვილობაშია მომსახურებისა (68%) და ვაჭრობის (69%) სფეროებში, პროგრამულ უზრუნველყოფასა და მონაცემთა ბაზებში კი ზრდის პროგნოზი ორივე სექტორში 59%-ს აქვს. შენობა-ნაგებობებში ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი ვაჭრობის სექტორში ფიქსირდება (55%).
გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ 2025 წელს კომპანიების ინვესტიციების ზრდის მოლოდინი განსაკუთრებით მაღალია მომსახურებისა და ვაჭრობის სექტორებში, მაშინ როცა მშენებლობისა და მრეწველობის სფეროებში ზრდის განწყობა შედარებით უფრო ზომიერი რჩება.
საინვესტიციო გარემო 2024 წელს
"პიემსი კვლევითი ცენტრის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2024 წელს კომპანიების 65%-მა განაცხადა, რომ ჯამური ინვესტიციების მოცულობა წინა, 2023 წელთან შედარებით გაიზარდა. გამოკითხულთა 26%-ს ინვესტიციების მოცულობა უცვლელი დარჩა, ხოლო 9%-ს – შემცირებული.
სექტორული ჭრილში ყველაზე მაღალი ზრდა ფიქსირდება მომსახურების სექტორში, სადაც კომპანიების 76%-მა აღნიშნა ინვესტიციების ზრდა. ვაჭრობის სექტორში ზრდის მაჩვენებელი 61% იყო, მშენებლობაში – 53%, ხოლო მრეწველობაში –44%.
რაც შეეხება შემცირებას, მრეწველობის სექტორში კომპანიების 19%-ის, ვაჭრობის სექტორში – 11%-ის, ხოლო მომსახურების სექტორში – 5%-ის ჯამური ინვესტიციები შემცირდა. მშენებლობის სექტორში ყველა გამოკითხულ კომპანიას ინვესტიციების კლება არ დაუფიქსირებია.
2024 წელს კომპანიების უმეტესობა ინვესტიციებს აღჭურვილობაში (64%), პროგრამულ უზრუნველყოფასა და მონაცემთა ბაზებში (59%) და შენობა-ნაგებობებში (47%) განახორციელებს. სექტორების მიხედვით, აღჭურვილობაში ყველაზე მაღალი ზრდა ფიქსირდება მომსახურების სექტორში (69%), პროგრამულ უზრუნველყოფასა და მონაცემთა ბაზებში – 73%, ხოლო შენობა-ნაგებობებში – ვაჭრობის სექტორში (55%).
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ 2024 წელს კომპანიები ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურასა და ტექნიკურ აღჭურვილობაში ინვესტირებენ, ხოლო შედარებით ნაკლები მოცულობა შენობა-ნაგებობებსა და პროგრამულ გადაწყვეტილებებში იყო მიმართული.
მეთოდოლოგია: BAG დასაქმების ბარომეტრის მნიშვნელობა შესაძლოა იყოს -100–დან +100– მდე. -100 ნიშნავს, რომ ყველა გამოკითხული ბიზნესი მომდევნო სამი თვის განმავლობაში მოელის დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას, ხოლო +100 ნიშნავს, რომ ყველა გამოკითხული ბიზნესი მომდევნო სამი თვის განმავლობაში მოელის დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას.
BAG -ის ინდექსი საქართველოს ბიზნესს ასოციაციის, "პიემსი კვლევითი ცენტრისა" და ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას BAG ბიზნესს კლიმატის, BAG დასაქმების ბარომეტრის და BAG საინვესტიციო გარემოს შესახებ. პიემსი კვლევითი ცენტრი BAG ინდექსს აქვეყნებს ყოველკვარტალურად.
BAG ბიზნესს კლიმატის მაჩვენებელი გამოითვლება BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე. კითხვარის მეშვეობით კომპანიები აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს. კომპანიები, ასევე, აფასებენ გაყიდვების, გაყიდვების ფასების, დასაქმებულთა რაოდენობის და დასაქმებულთა ანაზღაურების ცვლილებას გასულ და მიმდინარე კვარტალებში და აფიქსირებენ მოლოდინს მომდევნო კვარტალისთვის. აღნიშნული ინდექსის ფარგლებში, BAG-ის წევრები და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიები გადანაწილდა ოთხ სექტორში: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. 2025 წლის მესამე კვარტალის გამოკითხვა ჩატარდა 2025 წლის 19 აგვისტო - 11 სექტემბრის პერიოდში.




























