Warner Bros. Discovery-ის მფლობელობაში არსებულმა სტრიმინგ პლატფორმა Max-მა, რომელიც HBO-ს, CNN-ის, Cartoon Network-ისა და სხვა ცნობილი ბრენდების ვიდეოკონტენტს აერთიანებს, წლის III კვარტალში ზრდის უფრო სწრაფი ტემპი დააფიქსირა, ვიდრე კონკურენტმა Netflix-მა.
კომპანიის ინფორმაციით, მესამე კვარტალში Max-მა 7.2 მილიონი ახალი გამომწერი შეიძინა, რითაც გლობალურად პლატფორმის მომხმარებელთა რაოდენობა 110.5 მილიონამდე გაიზარდა. შესაბამისად, მესამე კვარტალი პლატფორმის ამოქმედებიდან დღემდე Warner Bros-თვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.
მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას კომპანია საერთაშორისო ბაზრების ექსპანსიას უკავშირებს - Max-ი წლის დასაწყისში ევროპასა და ლათინურ ამერიკაშიც გამოჩნდა.
კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ Warner Bros. Discovery-ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 10%-ით გაიზარდა. ამასთან, მინიმუმ 5 კვარტალის შედეგებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Max-მა ზრდის ტემპით Netflix-ს გადაასწრო.
რაც შეეხება Netflix-ს, პლატფორმამ 2024 წლის მესამე კვარტალში 5 მილიონი ახალი გამომწერი მოიზიდა. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია კვლავ რჩება ინდუსტრიის ლიდერად - Netflix-ს გლობალურად 282.7 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ზრდის ტემპი ბოლო რამდენიმე კვარტალია, მცირდება.
Netflix-ის შემთხვევაში, ზრდის ტემპის შენელება ანგარიშებზე პერსონალური პაროლების გაზიარების პოლიტიკის ცვლილებაა, რომელიც ძალაში გასული წლიდან შევიდა.