საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში საქართველოში 301 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 23 ერთეულით მეტია.
მათი უმრავლესობა (60.5%) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია თბილისში (11.6%), კახეთის (9%), სამეგრელო-ზემო სვანეთის (5.3%), იმერეთის (3.3%), ქვემო ქართლის (4.3%), აჭარის ა.რ.-ში (3.3%), მცხეთა-მთიანეთის (1%), გურიის (0.7%), სამცხე-ჯავახეთის (0.7%) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში (0.3%).
III კვარტალში მომსახურება გაეწია 382 მომხმარებელს (წლიური ზრდა 3 ერთეული). მწარმოებლები და გადამყიდველები, რომელთაგან შემდგომი რეალიზაციის მიზნით პროდუქცია შეისყიდეს 1 057 იყო (წლიური ზრდა 39 ერთეული), ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 118-ით გაიზარდა და 1 741 ადამიანით განისაზღვრა.
მიმდინარე წლის III კვარტალის განმავლობაში სამაცივრეებში შენახული იყო 94.3 ათასი ტონა პროდუქცია, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11 ათასი ტონით მეტია. მათ შორის: 41.8% იყო ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 19.5% – ხილი და ბოსტნეული, 18.5% – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 8.3% – თევზეული, 6.7% – რძის პროდუქტები და 5.2% – სხვა პროდუქტები.
სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 15.8%-ს – საკუთარი წარმოების, 23.5%-ს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 60.7%-სს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 7.2 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ჩამორჩება 2023 წლის III კვარტალის 7.3 მლნ. ლარს.
2024 წლის III კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 19.9 მლნ. ლარით მეტი, 144.8 მლნ. ლარის ღირებულების (24.9 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 29.7%, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 21.2%, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა (ადგილობრივი) – 49.1%.
საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულება წლიურად 4.4 მლნ. ლარით შემცირდა და 3.9 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 2.7%-ია. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 55.3%-ს, აგვისტოში – 59.2 %-ს, ხოლო სექტემბერში – 50.1%-ს.