მესამე კვარტალი თბილისში 10,377 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად და 3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ივლის-სექტემბერში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა 14%-ით, 718 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მესამე კვარტალის მიმოხილვის მიხედვით, თბილისში ახალი პროექტების ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. ძველ პროექტებში კი 11%-ით შემცირდა.
რაც შეეხება ღირებულებას, ბინების საშუალო შეწონილი ფასი ახალ პროექტებში 2024 წლის მესამე კვარტალში გარეუბანში 9%-ით და ქალაქის ცენტრში 8%-ით გაიზარდა. ფართო ცენტრში კი 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ძველი ბინების შემთხვევაში მესამე კვარტალში თბილისში შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 9%-ით, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი მაჩვენებელი 12%-ით და 8%-ით გაიზარდა.
მესამე კვარტალთან ერთად Colliers Georgia-მ სექტემბერში ბინების ტრანზაქციების მაჩვენებელიც განაახლა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ სექტემბერში თბილისში 3,545 ბინა გაიყიდა. ზრდა წინა წელთან შედარებით 12% იყო. ბაზრის ზომა 25%-ით, 247 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
2024 წლის სექტემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 20%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის სექტემბერთან შედარებით მაჩვენებელი 6%-ით არის შემცირებული.
სექტემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 8%-ით გაიზარდა, ხოლო 10%-ით ქალაქის ცენტრში. ფართო ცენტრში კი 1%-იანი კლება დაფიქსირდა.