მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

III კვარტალში ტელევიზიებს სარეკლამო შემოსავლები შეუმცირდათ

ტელევიზია

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 18.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 6.9%-ით ნაკლებია.

მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 10%-ით 16 მლნ ლარამდე შემცირდა.

კომისიის ინფორმაციით, ეს კომერციული სარეკლამო შემოსავლები ფასიან პოლიტიკურ რეკლამას არ მოიცავს. მესამე კვარტალში დაიწყო 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი. მოქმედი კანონმდებლობა, აღნიშნული პერიოდის მიმდინარეობისას მაუწყებლებს უფლებას აძლევს საკუთარ ეთერში განათავსონ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში მაუწყებლების მიერ რეკლამის განთავსებისთვის დათმობილი დრო განაწილდა კომერციულ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს შორის, რამაც კომერციული რეკლამისათვის დათმობილი დრო შეამცირა.

III კვარტალშიც ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი კვლავ "ტვ იმედს" ჰქონდა, რომლის შემოსავალიც 5.6 მლნ ლარს შეადგენდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.7 მლნ ლარით ნაკლებია. 2.1 მლნ ლარი მიიღო „რუსთავი 2“-მა, რაც წინა წელთან შედარებით 0.4 მლნ ლარით ნაკლებია. 0.2 მლნ ლარით შემცირდა „მთავარი არხის“ შემოსავალი და 1.6 მილიონს გაუტოლდა.

მიმდინარე წლის III კვარტალში 1.4 მლნ ლარი მიიღო „პოსტვ“-იმ, რაც გასულ წელთან შედარებით 0.4 მლნ ნაკლებია. უცვლელი დარჩა „ტელეკომპანია პირველის“ კომერციული შემოსავალი და 1.2 მლნ ლარი იყო. ნახევარი მილიონი ლარით შემცირდა და 0.8 მილიონი შეადგინა „ფორმულას“ შემოსავალმა, ხოლო „ბი ემ ჯი“-ის შემთხვევაში, კომერციული შემოსავლები 0.1 მილიონით გაიზარდა და 0.8 მილიონს გაუტოლდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები