მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"III კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესში ოპტიმიზმი გაზრდილია" - BAG-ის ინდექსი

ბაგ

BAG-ისა და PMCG-ის კვარტალური ინდექსის თანახმად, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ბიზნესის განწყობა გაუმჯობესებულია. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში "საქართველოს ბიზნესი ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე საუბრობს. მისი თქმით, გაუმჯობესებულ განწყობაზე ივლისი-აგვისტოს პერიოდში კომპანიების აქტიურობამ მოახდინა გავლენა.

"როდესაც განწყობის გაუმჯობესებაზე ვსაუბრობთ, იგულისხმება წინა კვარტალების შედეგები, ჩვენი ინდექსი და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები რომ ნახოთ თვეების მიხედვით, საკმაოდ კორელაციაშია ერთმანეთთან. ივლისი-აგვისტო საკმაოდ აქტიური იყო კომპანიებისთვის, მათ პროდუქტებსა და სერვისებზე მოთხოვნის, გაყიდვების კუთხით, რაც ყველაზე აქტიურად სერვისისა და ვაჭრობის სექტორებში გამოიკვეთა. ამაზე მოქმედებს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაც, ტურიზმის სექტორი, რომელიც სხვა მომიჯნავე სექტორებშიც ქმნიდა დამატებით მოთხოვნას და ღირებულებას", - განმარტავს ლევან ვეფხვაძე.

BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, წინა კვარტალთან შედარებით, გაზრდილია ოპტიმიზმიც, რაც აჩვენებს, რომ ბიზნესაქტივობა პოლიტიკური პროცესებისგან შეძლებისდაგვარად უნდა გაიმიჯნოს, რათა ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდეს.

"მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმიზმია გაზრდილი წინა კვარტალთან შედარებით, წინა კვარტალის გამოკითხვა კი იცით, რა პერიოდსაც დაემთხვა და მაჩვენებლები ძალიან დაბალი იყო. ამ ტენდენციის ზრდა გვაჩვენებს, რომ ბიზნესაქტივობა, გაყიდვები და ფინანსური ნაკადები მეტ-ნაკლებად უნდა იყოს დისტანცირებული პოლიტიკიდან, თუ ეს მოხერხდება, რათა ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ", - ამბობს ლევან ვეფხვაძე.

ინდექსის შედეგებზე საუბრისას PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი, გიორგი ხიშტოვანი აღნიშნავს, რომ ბიზნესის მოლოდინებიც გაზრდილია, არჩევნებთან დაკავშირებული რისკები კი ბიზნესის განწყობაში არ ჩანს.

"ჩვენ კვლევის შედეგებით დავინახეთ, რომ ბიზნესკლიმატი მესამე კვარტალში დიდწილად გაუმჯობესებულია მოლოდინების კუთხით. საინტერესოა, რომ გამოკითხვაში, მეოთხე კვარტალის პროგნოზებზე საუბრისას, არ ჩანს პოლიტიკასთან და არჩევნებთან დაკავშირებული გაზრდილი რისკები. შედეგები არ იძლევა საშუალებას ვთქვათ, რომ ბიზნესი განსაკუთრებულ რისკებს ხედავს მეოთხე კვარტალში და ამის გამო გვაქვს შემცირებული მოლოდინები", - აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.

BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები