მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

III კვარტალში წლიურად საქართველოში უმუშევრობის დონე არ შეცვლილა - როგორია დასაქმების მაჩვენებლები?

დასაქმება

2023 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა და 15.6% შეადგინა.

საქტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ სამუშაო ძალის (დასაქმება-უმუშევრობის) 2023 წლის III კვარტალის მონაცემებით, ამ პერიოდში დაქირავებულთა რიცხოვნობა 29.3 ათასი კაცით (3.2%) 943.2 ათასამდე გაიზარდა, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 21.5 ათასით შემცირდა (4.8%) და 422.8 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 1.4 ათასით (0.6%) გაიზარდა და 252.2 ათასი შეადგინა.

2023 წლის III კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.6%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 45.3% შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.4 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი შემცირებულია 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 45.5%-ს და 44.8%-ს შეადგენს.

2023 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69% შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე გაზრდილია საქალაქო ტიპის დასახლებებში 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირებულია.

დოკუმენტის მიხედვით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი წლიურად ქალებში 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 12.8%-ს და 17.7%-ს შეადგენს.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2023 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43.1%-ს, ხოლო კაცებში 66%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით.

2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე შემცირებულია ქალებში 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.5 პროცენტული პუნქტით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები