მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

III კვარტალში უმუშევრობა შემცირდა, თუმცა ასევე შემცირდა სამუშაო ძალის მონაწილეობის დონეც - რამდენი ადამიანია უმუშევარი?

ხალხი

საქსტატის ინფორმაციით, III კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.3% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში ასევე შემცირდა სამუშაო ძალის მონაწილეობის დონეც.

კერძოდ, 2025 წლის III კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.5% შეადგინა.

საქსტატის თანახმად, III კვარტალში დაქირავებით დასაქმებული: 975.3 ათასი ადამიანი (ზრდა 0.1%); თვითდასაქმებული 418.4 ათასი (კლება 3.3%), ხოლო უმუშევარი 213.7 ათასი (კლება 5.4%) პირი იყო.

III კვარტალში დასაქმების დონე გაიზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით და 47% შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით.

მიმდინარე წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე
საქალაქო ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის
დასახლებებში შემცირებულია 3 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2025 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44%, ხოლო კაცებში 67% შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ დასაქმების დონე ქალებში შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 1.2 პროცენტული პუნქტით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები