მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იიმან ბორჩაშვილი - „ახალგაზრდა გარემოს დამცველი“ პანკისის იდეათეკიდან

618a3f14a75f7
BM.GE
09.11.21 17:56
1707
„საქართველოს ბანკის“ საგანმანათლებლო პროექტმა „იდეათეკამ“ საზოგადოებას რეგიონის სკოლებიდან არაერთი საინტერესო მოსწავლე გააცნო. ერთ-ერთი კი ეკოლოგიით დაინტერესებული, მისი ასაკისთვის სიღრმისეული ცოდნით და გამოცდილებით გამორჩეული 16 წლის იიმანია.

იიმან ბორჩაშვილი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, სწორედ აქ გაიხსნა მორიგი მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა - იდეათეკა, რომელიც ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, ერთ სივრცეში კომპიუტერებს, წიგნებს და სხვა შემეცნებით საშუალებებს აერთიანებს.

იიმან ბორჩაშვილი გარემოსდაცვითი საკითხებით 2018 წელს დაინტერესდა, როდესაც სოციალურ ქსელში, სრულიად შემთხვევით, USAID-ის პროგრამის ფარგლებში ორგანიზეულ კონკურს წააწყდა. კონკურსი CENN-თან თანამშრომლობით ხორციელდებოდა და მაკულატურის შეგროვებას გულისხმობდა.

„ბუნება ყოველთვის ძალიან მიყვარდა, განსაკუთრებით, პანკისის ტყეებში დროის გატარება. თუმცა, როდესაც გავიცანი ადამიანები, ვისი საქმიაობაც გარემოსდაცვას უკავშირდებოდა, მივხვდი, რომ შემეძლო კიდევ უფრო მეტი მეკეთებინა ამ მიმართულებით. კონკურსის ფარგლებში 800 კილომდე მაკულატურა შევაგროვეთ. ამ დროს 13 წლის ვხდებოდი. ჩემთვის ეს გამოცდილება იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე ამ მიმართულების პროექტებში აქტიურად ჩართვა“, - გვიყვება იიმან ბორჩაშვილი.

2020 წელს, მან თანაკლასელებთან ერთად ეკო-კლუბი ჩამოაყალიბა, რომლის ფარგლებშიც გარემოსდაცვითი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას შეუდგა.

„ეკო-კლუბში 750-მდე აქტივობა და ძალიან საინტერესო პროექტები განვახორციელეთ, სადაც შშმ პირები, ახალგაზრდები და ადგილობრივი მოსახლეობა იყო ჩართული. პროექტებს არამარტო ჩვენს სოფელში, არამედ მთელი ხეობის მასშტაბით ვახორციელებდით. საბოლოოდ, შრომა დაგვიფასდა და „ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის“ 2020 წლის გამარჯვებულები გავხდით”, - ამბობს ბორჩაშვილი.

გარდა ამისა, იიმანი აქტიურად იყო ჩართული ორგანიზაცია CENN-ის ბანაკებში, სადაც როგორც თვითონ გვიყვება, ძალიან დიდი ცოდნა მიიღო გარემოსდაცვითი მიმართულებით.

„ამას მოჰყვა 2 თვიანი საგანმანათლებლო კურსები „ეკო ლიდერთა“ სკოლაში, სადაც ასევე გარემოს დაცვაზე და ეკოლოგიაზე სიღრმისეულად ვიღებდი ინფორმაციას. შემდეგ - გასვლითი ტურები და შეხვედრები, რაც ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა. ასეთ პროექტებში ჩართვამ დამარწმუნა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ეკოლოგი უნდა გამოვსულვიყავი”, - დასძენს ის.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, იიმანმა კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით გააგრძელა საქმიანობა. მალე EU4youth-SEED-ის პროექტის ფარგლებში გამართული კონკურსის, “ახალგაზრდები თემისთვის”, ახალგაზრდა გარემოს დამცველის ნომინაციაში „CENN”-ის მიერ გამარჯვებულად დასახელდა.

გარდა ახალგაზრდა გარემოს დამცველის ნომინაციისა, მიიღო შეთავაზებები ეთანამშრომლა სხვადასხვა ორგანიზაციებთან და მდგრადი განვითარების მიზნების კვირეულისა და ეკო-ინტელექტუალური ჩემპიონატის ორგანიზატორობაც შეითავსა.

როგორც თავად ამბობს, თავდაპირველად პატარა აქტივობებით დაიწყო და გარკვეული დროის შემდეგ, ეს მიმართულება მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. დღეს ის უკვე თავად ატარებს ტრენინგებს გარემოსდაცვითი მიმართულებით და ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს (კლიმატის ცვლილების, ნარჩენების მართვის და სხვა თემატიკაზე) თანატოლების ჩართულობით.

იიმან ბორჩაშვილის სამომავლო გეგმებიც არანაკლებ ამბიციურია. საუბრისას გვიზიარებს, რომ უკვე დაგეგმილი აქვს რამდენიმე გარემოსდაცვითი პროექტი, რის განხორციელებასაც მის მუნიციპალიტეტში აპირებს, ხოლო შემდეგ - კახეთის მასშტაბით. „მინდა, ჩემი საქმიანობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდეს; ბუნებაში მოგზაურობა საკმაოდ მზარდი მიმართულებაა - ყოველდღე იმატებს ისეთი ადამიანების რიცხვი, ვისაც დასვენება ველურ ბუნებაში ურჩევნია. ჩემი მიზანია, პანკისში ეკოტურიზმის 2 სახეობა განვავითარო: ბუნების ისტორიის ტურები და მოგზაურობა ბუნებრივ ნაკრძალებსა და რეზერვაციებში. ვფიქრობ, პანკისი ეკოტურიზმის განვიარებისთვის ძალიან კარგი ადგილია. ასევე, დიდი სურვილი მაქვს, გავხსნა მწვანე საწარმო, რომლის მთავარი მიზანიც ნარჩენებისგან ინოვაციური მეთოდებით ახალი ნივთების შექმნა იქნება. ვფიქრობ ყველაფერი წინ არის, კიდევ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია. თავს არ დავზოგავ ჩემი მიზნების მისაღწევად“, - გვიზიარებს ის.

საკუთარი მიზნების მისაღწევად, იიმანი მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს და შესაძლებლობას იყენებს. ამ ჩამონათვალს იდეათეკაც შეემატა.

„აქამდე არ გვქონდა სივრცე, სადაც შევძლებდით გვემეცადინა, წაგვეკითხა წიგნები ან თუნდაც პროექტორით ბავშვებთან ერთად საინტერესო გაკვეთილი ჩაგვეტარებინა. ჩვენს სკოლაში არსებული ეკო ჰაბი ამისთვის ძალიან პატარა იყო და ხშირ შემთხვევაში, ვერ ვახერხებდით ამას“, - ამბობს ის. „იდეათეკის გახნის შემდეგ კი სამეცადინოდ და წიგნების საკითხავად ხშირად ვიკრიბებით. ძალიან მახარებს ის, რომ ახლა ჩვენთვის უკვე ხელმისაწვდომი გახდა თანამედროვე ლიტერატურა. იდეათეკაში საკმაოდ დიდი რაოდენობისა და სახეობის წიგნებია, რაც დროის საინტერესოდ გატარებაში გვეხმარება. ახლა უკვე თავისუფლად შეგვიძლია ღია გაკვეთილების ჩატარება“.

„საქართველოს ბანკმა“ „იდეათეკების“ პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 8 საჯარო სკოლაში: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლებში დიცში, ხურვალეთში, ზემო ნიქოზში, ასევე, სოფელ დუისში, თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლაში, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1 და ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლებში უკვე მოეწყო. უკვე 4000-მდე მოსწავლე აქტიურად იყენებს იდეათეკებს და იქ განთავსებულ რესურსებს როგორც სასკოლო, ასევე კლასგარეშე აქტივობებისთვის. სულ მალე არსებულ იდეათეკებს ახალქალაქის მე-3 სკოლა შეემატება.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები