ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფერმერებს საძოვრები დროებით სარგებლობაში გადაეცათ. კერძოდ, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ასპინძის, ახალქალაქის, საგარეჯოს, თელავის, ყაზბეგის, თეთრიწყაროს, დმანისის, მარნეულის, ნინოწმინდას მუნიციპალიტეტებში მდებარე საძოვრის კატეგორიის 68 მიწის ნაკვეთი (ჯამში 5 362 ჰა.) იჯარის უფლებით, 3 წლის ვადით, 39 ფიზიკურ პირს და 3 კომპანიას გადაეცა.
2021 წელს დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, დროებით სარგებლობაში 155 პირს, 223 ერთეული, ჯამში 17 904 ჰა. საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთი გადაეცა.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა 2021 წელს დამტკიცდა. მისი მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრების რაციონალურად გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, საძოვრების დეგრადაციის პრევენცია, მეცხოველეობის განვითარება და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა, ასევე მეცხოველეობის სფეროში დასაქმებული ფერმერებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც შერჩეული აქვა საძოვარი და განაცხადის წარდგენისას მას ან მის მეპაიეს მფლობელობაში აქვს იჯარის უფლებით გასაცემი საძოვრის ასათვისებლად საკმარისი რაოდენობის მსხვილფეხა ან წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი.