მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IKEA ინდოეთში ინვესტიციების მოცულობას აორმაგებს

ikea

წამყვანი შვედური კომპანია IKEA, რომელიც ავეჯისა და სახლის აქსესუარების წარმოების კუთხითაა ცნობილი, ინდოეთში განსახორციელებელი ინვესტირების მოცულობას გააორმაგებს და $2.2 მილიარდ დოლარამდე გაზრდის. საუბარია მომდევნო 5 წლის მონაკვეთზე, რა პერიოდსაც კომპანია საკუთარი მაღაზიების, საწყობებისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ IKEA-მ ინდოეთში პირველი მაღაზია 2018 წელს, ჰიდერაბადში გახსნა, რის შემდეგაც მისი პოპულარობა ადგილობრივ ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ახალი ინვესტიციის ფარგლებში ერთ-ერთი მიზანი ისეთი მსხვილი საწყობების აგება იქნება, რომლებიც ინდოეთის სხვადასხვა ქალაქიდან ონლაინ შეკვეთების დროულად მიწოდებას შეუწყობს ხელს, მომხმარებელს კი პროდუქციის მიღებისთვის ხანგრძლივი დროით ლოდინი აღარ მოუწევს.

IKEA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, პატრიკ ანტონიმ განაცხადა, რომ ინდოეთი შვედური გიგანტისთვის მთავარ სავაჭრო ბაზრად კვლავ არ მიიჩნევა, თუმცა დაანონსებული ინვესტიცია მის წარმომადგენლობას საგრძნობლად გაზრდის და გარკვეულ ეტაპზე ქვეყანა IKEA-სთვის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ბაზრის მასშტაბებს დაუახლოვდება. როგორც IKEA-ში აცხადებენ, ინვესტიციების გაორმაგების ერთ-ერთი მიზეზი მოთხოვნის ახალგაზრდა თაობის მხრიდან ზრდაცაა.

ცნობისთვის, ინდოეთში IKEA-ს პროდუქციის გაყიდვები ფისკალურ 2025 წელს გასულ წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა და $200 მილიონი შეადგინა. 5 წლის თავზე IKEA-ს 30 ახალი მაღაზიის გახსნა, შემოსავლების გაოთხმაგება და ადგილობრივი წარმოების მასშტაბების გაორმაგება სურს. სწორედ წარმოების დივერსიფიცირებით აპირებს შვედური კომპანია აზიის სხვა ბაზრების დაინტერესებასაც, თუმცა საწყის ეტაპზე პრიორიტეტი ინდოელი მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილება იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები