სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს იწყებს. ამის შესახებ დღეს, 20 თებერვალს, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც ის ამბობს, სახელმწიფოსგან ისეთი ადამიანებიც იღებენ დახმარებას, რომლებსაც ამ დახმარებას საერთოდ არ საჭიროებდნენ.
BMG-ის კითხვაზე შემწეობაზე ყოველთვიურად გადახდილი დაახლოებით 71 მლნ ლარის ნაწილი იხარჯებოდა თუ არა იმ ადამიანებზე, რომელთაც არ სჭირდებოდათ ეს დახმარება და ნიშნავს თუ არა ეს, რომ ბიუჯეტის ფული გაიფლანგა.
„ნუ ახსნით ვითარებას ისე, თითქოს თქვენ მიერ ნახსენები თანხები სრულად არაეფექტურად იხარჯებოდა. მსგავსი მოვლენები ნებისმიერი მორატორიუმისა თუ შეჩერებული პროცესის თანამდევია. ბუნებრივია, რომ სამართლებრივი შეფასება ხშირად იგვიანებს, ამიტომ დღეს უმჯობესია ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, რამდენად მართებულია დღევანდელი გადაწყვეტილება. მიმაჩნია, რომ ეს ცალსახად სწორი ნაბიჯია. რაც შეეხება წარსულში უფრო მკაცრი ზომების მიღების შესაძლებლობას, ვფიქრობ, პანდემიის პერიოდსა და მის შემდგომ ეტაპზე მსგავსი სიმკაცრე გაუმართლებელი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, იმაზე კამათი, რამდენიმე თვით ადრე უნდა მომხდარიყო ეს თუ გვიან ვფიქრობ, ამ კამათს აზრი არ ექნება", - გვპასუხობს სარჯველაძე.
დღეისათვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 185 ათასს აღემატება, ხოლო ასეთი ოჯახების წევრთა რაოდენობა ჯამში, 710 000-ს შეადგენს.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ძირითად შემთხვევაში, სახეზეა ოჯახები, რომელთაც, ამ დროის განმავლობაში, გარკვეული მატერიალური შესაძლებლობები გაუჩნდათ, გაუუმჯობესდათ მდგომარეობა და აღარ არის ისეთი ხელმოკლე, როდესაც მათ სახელმწიფომ ფინანსური შემწეობა უნდა დაუნიშნოს.
„ამრიგად, ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა. სწორედ ამ მიზეზთა გამო, იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად. დროა, წერტილი დაესვას ასეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს და ამ მიზნით, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს.




























