მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილჰამ ალიევი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში კაია კალასს შეხვდა

ალიევი კალასი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასს შეხვდა.

ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური გვერდის ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის სფეროში არსებულ „წარმატებულ თანამშრომლობას“. აღინიშნა აზერბაიჯანის როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

ენერგეტიკის გარდა, მხარეებმა განიხილეს სატრანსპორტო დერეფნების განვითარების პერსპექტივები. ალიევისა და კალასის თქმით, ამ მიმართულებით მხარეებს შორის თანამშრომლობის „ფართო შესაძლებლობები“ არსებობს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება იყო. მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის გზებზე.

ილჰამ ალიევმა და კაია კალასმა ასევე გაიხსენეს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის შარშანდელი ვიზიტი აზერბაიჯანში და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა პარტნიორობის გაღრმავებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები