მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია ღუდუშაური: ეფექტურად ვახორციელებთ კონტროლს იმ კლინიკებზე, რომელთა მხრიდანაც დარღვევები ფიქსირდება

ილია ღუდუშაური
BM. GE
12.09.23 20:53
26

„ძირითადი გამოწვევები, რაც DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ გვხვდება, კლინიკიდან გაზრდილი ტარიფების გამოგზავნაა. ასევე, არის პაციენტების შეცდომაში შეყვანის, ან თანაგადახდის გაზრდის შემთხვევები. თუმცა, ასეთ ფაქტებზე, მკაცრი და დროული რეაგირება გვაქვს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა.

მისივე განმარტებით, სამინისტროს მონიტორინგისა და კონტროლის ეფექტური მექანიზმი გააჩნია, რომლის მეშვეობითაც დეტალურად აღირიცხება, რა სერვისებს აწვდიან კლინიკები პაციენტებს.

„ამ სისტემით, შესაძლებლობა გვაქვს, ონლაინ რეჟიმში, აღმოვაჩინოთ, თუ კი რაიმე დარღვევა დაფიქსირდება. ჩვენ ეფექტურად ვახორციელებთ კონტროლს იმ კლინიკებზე, რომელთა მხრიდანაც გარკვეული დარღვევები, ან გადაცდომები ფიქსირდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ასეთი შემთხვევები, თანდათან, უფრო იკლებს.

DRG სისტემის ამოქმედებიდან დღემდე, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, რამდენიმე კლინიკას, საერთოდ შეუჩერდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმწოდებლის სტატუსი, ზოგიერთს კი, ნაწილობრივ შეეზღუდა გარკვეული სერვისების მიწოდების უფლება“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

მისივე განმარტებით, გამოვლენილი დარღვევების გამო, სამინისტროს მხრიდან გატარებული ღონისძიებები, პაციენტებისთვის, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით, არანაირ პრობლემას არ ქმნის.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ჯამში, 300-მდე კლინიკაა რეგისტრირებული. კლინიკები გაძლიერებული კონტროლის შემთხვევაში, მეტად მოტივირებულები იქნებიან, რომ ხარისხი გააუმჯობესონ და პაციენტს შესაბამისი სერვისი შესთავაზონ, რაც საერთო ჯამში, გააჯანსაღებს ჯანდაცვის სექტორს. ამ დასკვნამდე მივიდნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც პროექტმა, 10 თვის შეჯამებისას, დადებითი შეფასება მიიღო“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, DRG-სისტემით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, რამდენიმე კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ჩაეხსნა. ინფორმაციას ადასტურებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

უწყებაში BM.GE-ის არ ეუბნებიან, თუ რამდენი და რომელი კლინიკები, ან რა დარღვევების გამო ჩაეხსნა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, თუმცა ადასტურებენ, რომ ფაქტი ნამდვილად მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები