ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავა. გამოძიება მას სასწრაფო დახმარების ავტომანქანების ტენდერის ხელოვნურად შეწყვეტასა და ბიუჯეტისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი ზიანის მიყენებას ედავება.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული პირი ამავდროულად აღნიშნული სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი — 8 525 876 ლარი შესთავაზა.
აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის ი. ღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს, მისი მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.
წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
კორუფციულ დანაშაულებში მონაწილე პირთა გამოვლენის, მათი პასუხისგებაში მიცემისა და კორუფციული ფაქტების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს", - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე გუგა თავბერიძემ.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის 27 ივლისს ილია ღუდუშაურის ძმა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე და ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, მათ ბრალად თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარის გაფლანგვა ედებათ. სასამართლომ ვლადიმერ ღაუდუშაურ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.




























