მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილიაუნის C-კორპუსი, რომელშიც ბავშვთა, განვითარების ცენტრის ფუნქციონირებდა, დროებით იხურება - განმარტება

ილიაუნი

ილიას უნივერსიტეტის C-კორპუსი, რომელშიც ბავშვთა, განვითარების ცენტრის ფუნქციონირებდა, დროებით იხურება.

საქმე ის არის, რომ დღეს ერთ-ერთი მოზარდის მშობელმა, რომლის შვილიც რეაბილიტაციას სწორედ აღნიშნულ ცენტრში გადიოდა, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სწავლის დაწყების წინ მშობლებს მოულოდნელად უთხრეს,რომ ცენტრი იხურება. მისი თქმით, შშმ ბავშვებისთვის ეს ძალიან მტკივნეული და რთული იქნება, მათ შორის სარეაბილიტაციო ადგილის შეცვლაც. 

ილიაუნის კანცლერი, ქეთევან ლაკირბაია ადასტურებს, რომ ილიაუნის აღნიშნულ კორპუსზე საერთაშორისო ექსპერტიზა ჩატარდა, რომლის პასუხშიც წერია, რომ C-კორპუსის ექსპლუატაცია მიუღებელია. 

“ილიას უნივერსიტეტს აქვს 11 სასწავლო კორპუსი და მათგან ერთს შეექმნა პრობლემა. აკრედიტებული საექსპერტო კომპანიის ექსპერტიზის დასკვნა მივიღეთ, რომ შენობის ექსპლუატაცია დაუშვებელია. რის შემდეგაც, სასწავლო პროცესი სხვა შენობებში გადანაწილდა, ხოლო რაც შეეხება ბავშვის განვითარების ინსტიტუტს, მათ ბენეფიციარებს და სპეციალისტებს - ამ საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ სხვა სივრცეებში გადანაწილდნენ. ამ ინსტიტუტს სჭირდება სპეციალური სივრცეები, სენსორული ოთახები და ა.შ. ისინი ჩვეულებრივ სასწავლო ოთახებში ვერ გადანაწილდებიან, ამიტომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ძიება სპეციალური სივრცეების, რომ რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ მოხდეს მათი გადანაწილება შესაბამის სივრცეებში”,- განმარტა ლაკირბაიამ.

რაც შეეხება ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის მშობლების კითხვებს იმის შესახებ, თუ რატომ გაიგეს ეს ამბავი დღეს, სწავლის დაწყების წინ, ლაკირბაია პასუხობს, რომ დასკვნა უნივერსიტეტმა მიიღო აგვისტოში და მას შემდეგ ცდილობს დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა შენობის მცირე დატვირთვით მუშაობა, ან რაიმე ფორმით სარგებლობა, თუმცა ახლა გახდა ცნობილი, რომ შენობის გამოყენება ამ ეტაპზე არ შეიძლება, შესაბამისად, აცნობეს მშობლებს ეს საკითხიც. 

“სწავლის დაწყების წინ, ყოველწლიურად მიმდინარეობს უნივერსიტეტის შემოწმება, რამე ხომ არ არის შესაკეთებელი და ა.შ. ამ პროცესში შეამჩნია ჩვენმა თანამშრომელმა ბზარები და მოვიწვიეთ ექსპერტიზა. დასკვნა მივიღეთ არც ისე დიდი ხნის წინ და მასში წერია, რომ შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. ამის შემდეგ რა ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, ნაწილობრივ შეკეთება - ეს ჯერ არ ვიცით”, - აღნიშნა მან.

ამასთან, უნივერსიტეტის კანცლერი განმარტავს, რომ აღნიშნულ კორპუსში 50 აუდიტორიაა, სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა და სტუდენტები სხვა კორპუსებში გადანაწილდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები