ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი განცხადებას ავრცელებს, რომელიც „თბილისი მოლთან“ ალექსანდრე გოგოლაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება, რომელიც მათი წარმატებული სტუდენტია.
განცხადების თანახმად, ფაკულტეტის პროფესორები, მკვლევრები და უნივერსიტეტის რექტორი მიმართავენ თბილისის საქალაქო სასამართლოს წერილით თავდებში ჩადგომასთან დაკავშირებით.
„2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ დაკავებული ალექსანდრე გოგოლაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის გამორჩეულად წარმატებული სტუდენტია. ფაკულტეტის პროფესორები, მკვლევრები და უნივერსიტეტის რექტორი მიმართავენ თბილისის საქალაქო სასამართლოს წერილით თავდებში ჩადგომასთან დაკავშირებით.
ვფიქრობთ, რომ მისი ჩამოშორება სასწავლო პროცესიდან და აკადემიური საქმიანობიდან დიდი დანაკლისი იქნება არა მხოლოდ ალექსანდრე გოგოლაძისთვის, არამედ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგის - ბიომედიცინის განვითარებისთვისაც. ამ დარგში ისედაც არსებობს ახალგაზრდა კვალიფიცირებული კადრების გადინების მძლავრი ტენდენცია. მიგვაჩნია, რომ მართლმსაჯულების განხორციელებისას სახელმწიფო ინტერესები და ქვეყნის მომავალი უნდა დავაყენოთ მაღლა და არა ახალგაზრდა პერსპექტიული მეცნიერის წინაშე სიმკაცრის დემონსტრირება.ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საკანონმდებლო რეგულაცია, რომლის დარღვევასაც ედავებიან ალექსანდრე გოგოლაძეს, ახალია და აქამდე არ ყოფილა დანერგილი პრაქტიკაში“- წერია განცხადებაში.




























