მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილინოისში წიგნების აკრძალვის პრაქტიკა აკრძალეს

648acf5e25206
გიორგი არონია
15.06.23 18:35
521

ამერიკის შტატ ილინოისის გუბერნატორმა, ჯეი რობერტ პრიცკერმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც შტატში წიგნების აკრძალვის პრაქტიკა აიკრძალა. კანონს, რომელიც ძალაში მომავალ წელს შევა, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეცედენტი არ აქვს. ამასთან, ის დემოკრატიული პარტიის ხელწერას ატარებს, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ მართულ შტატებში წიგნების აკრძალვის ფართოდ გავრცელებული პრაქტიკის პასუხად ითვლება.

ახალი კანონის თანახმად, შტატ ილინოისის საჯარო ბიბლიოთეკებს საკუთარი წესდებების შეცვლა და დოკუმენტში წიგნების აკრძალვის პრაქტიკის აკრძალვის შესაბამისი მუხლის ჩამატება მოუწევთ. აღნიშნული დებულება საჯარო ბიბლიოთეკას პარტიული ან დოქტრინული უთანხმოების გამო კონკრეტულ მასალაზე ცენზურის დაწესების ან მისი წაშლის აკრძალვის შინაარს უნდა ატარებდეს. ახალ კანონთან არდამორჩილების შემთხვევაში, ბიბლიოთეკები ილინოისის ხელისუფლებისგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ.

წიგნების აკრძალვის პრაქტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ ამ მიმართულებით წინა ხაზებზე ფლორიდა, ჯორჯია და კენტუკი ლიდერობენ. აშშ-ის ბიბლიოთეკების ასოციაციის დათვლებით, გასულ წელს, ქვეყანაში 1269 წიგნი და სხვა სახის მასალა აიკრძალა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ერთი წლით ადრე. როგორც The New York Times-ი წერს, აკრძალული ლიტერატურის უდიდესი ნაწილი შავკანიან და LGBTQ+ თემის ავტორებზე მოდის.

ილინოისთან ერთად, წიგნების აკრძალვის პრაქტიკის აკრძალვაზე შტატ ნიუ-ჯერსის ხელისუფლებაც მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები