მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ბიზნესმენი ილონ მასკი საქართველოს დროით 00:30-ზე, ანუ საფონდო ბირჟაზე სავაჭრო სესიის დახურვის შემდეგ მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდა. Bloomberg-ის მონაცემებით, მილიარდერების რეიტინგში მეწარმის საერთო ქონებამ $1.11 ტრილიონს მიაღწია. მან კი ეს შედეგი კოსმოსური, სატელეკომუნიკაციო და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების კომპანია SpaceX-ის Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე წარმატებული დალისტვით მიიღო.
კომპანიამ, რომლის აქციების 42%-საც სწორედ ილონ მასკი ფლობს, სავაჭრო სესია $1.76 მილიარდი დოლარის შეფასებით დაიწყო, ბირჟის დახურვისას კი მისი მაჩვენებელი $2.2 ტრილიონამდე იყო გაზრდილი. შესაბამისად, მოზიდული ინვესტიციის ფონზე მასკის ქონებამაც რეკორდულად იმატა.
შეგახსენებთ, SpaceX-ი, საფონდო ბირჟაზე გამოსვლის თვალსაზრისით, გახდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი და წარმატებული ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც ჯერ კიდევ საჯარო ვაჭრობის დაწყებამდე, პირველადი შეთავაზებისას ინსტიტუციური ინვესტორებისაგან $75 მილიარდი მოიზიდა. კოსმოსური ინდუსტრიის გიგანტის აქციების ფასი თავდაპირველად $135-ს შეადგენდა, თუმცა საფონდო ბაზარზე ვაჭრობა $150-ზე გაიხსნა. აღსანიშნი ფაქტია, რომ ინვესტორთა მაღალი აქტიურობის ფონზე მაქსიმალურმა ნიშნულმა $176.50-საც მიაღწია.
ამჟამინდელი მონაცემებით, ილონ მასკის ქონებაში SpaceX-ის წილი ყველაზე დიდია და ის $767.1 მილიარდს შეადგენს. კაცობრიობის ისტორიაში პირველი ტრილიონერი კოსმოსური კომპანიის 42%-იანი წილის ფლობით მისი ერთგვარი ერთპიროვნული მმართველიცაა და ერთადერთი ადამიანი, ვისაც მასკის აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაშვება შეუძლია სწორედ თავად მასკია.
შეხსენებისთვის, აქამდე მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ IPO-დ საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობ-კომპანია Saudi Aramco-ს დალისტვა მიიჩნეოდა, თუმცა SpaceX-ის მიერ მიღწეულმა შედეგმა ახლო აღმოსავლური კომპანიის შედეგები სრულად დაჩრდილა.
ცნობისთვის, ილონ მასკი პლანეტის უმდიდრეს ადამიანად მანამდეც მიიჩნეოდა. ის ამჟამად $1.11 ტრილიონ დოლარს ფლობს. Bloomberg-ის მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანთა სიაში მე-2 ადგილზე კი, მასზე თითქმის 4-ჯერ ნაკლები ქონებით Google-ის თანადამფუძნებელი, ლარი პეიჯია, რომლის ქონებაც $304 მილიარდადაა შეფასებული.




























