სოციალური ქსელ Twitter-ის 9.2%-იანი წილის შეძენის შემდეგ, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.
Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის, პარაგ აგრავალის განცხადებით, საბჭოში მასკის შემოერთება კომპანიისთვის სარგებლის მომტანი იქნება.
„ის არის როგორც გულმხურვალე მხარდამჭერი, ასევე მკაცრი კრიტიკოსი, რაც სწორედ ისაა, რაც ჩვენ Twitter-სა და დირექტორთა საბჭოში გვჭირდება, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში გავძლიერდეთ“,– განაცხადა კომპანიის CEO-მ.
მასკის განცხადებით, ის მოუთმენლად ელის Twitter-ის გუნდთან თანამშრომლობას, რათა უახლოეს თვეებში სოციალური ქსელი „მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს“.
აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი უკვე განიხილავს Twitter-ის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციის შეცვლის და ტვიტების რედაქტირების ღილაკის დამატების საკითხს.
„გსურთ თუ არა რედაქტირების/შეცვლის ღილაკი?“ – ამ შეკითხვით მიმართა მასკმა 80 მილიონამდე გამომწერს.
რამდენიმე საათში გამოკითხვაში მონაწილეობა 3 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო. მათი 73% Twitter-ზე რედაქტირების ღილაკის დამატებას მოითხოვს.
მართალია, ილონ მასკი არ არის Twitter-ის მენეჯმენტის უშუალო წევრი და მას არ აქვს მსგავსი მნიშვნელობის გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლება, თუმცა ის ამჟამად კომპანიის უმსხვილესი აქციონერია. მასკს Twitter-ის დამფუძნებელზე, ჯეკ დორსიზე 4-ჯერ დიდი წილი ეკუთვნის, შესაბამისად მის, როგორც კომპანიის ერთ-ერთი მფლობელის, სურვილს გარკვეული გავლენა ექნება დირექტორთა საბჭოსა და მენეჯმენტის სამომავლო გეგმებზე და არ არის გამორიცხული, რომ Twitter-ზე რედაქტირების ფუნქციაც გაჩნდეს.
წყარო - Forbes.ge




























